ავღანეთი

თალიბანი: აშშ-სთან მოლაპარაკებებისათვის კარი ღიაა

0 კომენტარი
ფოტო: BBC

BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაჯგუფება თალიბანის მთავარმა მომლაპარაკებელმა შერ მუჰამედ აბას სთანიქზაიმ თქვა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებისათვის "კარი ღიაა" და ეს "ერთადერთი გზაა ავღანეთში მშვიდობის მისაღწევად".

სთანიქზაის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თალიბანის უკანასკნელი თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ დაჯგუფებამ მშვიდობისადმი მათი გულწრფელი მზაობა უნდა აჩვენოს.

აშშ-ის მხრიდან თალიბანთან მოლაპარაკებებს ზალმაი ხალილზადი, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატი აწარმოებდა. მან თქვა, რომ ორივე მხარეს შედგენილი ჰქონდა ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში პრეზიდენტ აშრაფ ღანის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად ღანი არ დაშავებულა, თუმცა დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ამავე კვირას ქაბულში სამხედრო ბაზასთან და აშშ-ის საელჩოსთან ახლოს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები