მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: საზმაუს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც ამოღებულია კომპიუტერებიდან, ჩვენ არ გაგვიცია

ტაბულა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი ამბობს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ისეთი ინფორმაცია, რომელიც მოძრაობის წევრებს არ გაუციათ და მხოლოდ მათ კომპიუტერებში ინახებოდა.

საუბარია მოძრაობის წევრების ვინაობებზე, რომლებიც ოფიციალურად დღეს, 18 სექტემბერს დასახელდა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი დღით ადრე გაავრცელა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ძალიან გასაკვირია და მათ ბოლო დროს ძალიან ბევრი მანქანა დაყვება.

"აღმოვაჩინეთ, რომ ეს სია, რომელიც მე დღეს უნდა წარმედგინა საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა სრულად გადაკოპირებული საზოგადოებრივი არხის საიტზე და გავრცელებული. არის ორი ვარიანტი - ან ჩვენ მოგეცით ეს ინფორმაცია (და არ მოგვიცია, იყო ჩვენს კომპიუტერებში, იყო დახურული ინფორმაცია და გვინდოდა ჩვენგან გაგეგოთ), ან ეს ინფორმაცია საზოგადოებრივმა არხმა, რომლის დაფინანსებაში თითოეული ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას, მოიპოვა სხვადასხვა არხით. ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ მედიის დამოუკიდებლობაზე, არ ვლაპარაკობთ, ვინ ვის მიაწოდა... მაგრამ ძალიან გასაკვირია, იმ დაშვებებით, რომ ძალიან ბევრი მანქანა დაგვყვება ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი კამერა დაყენდა ყველა იმ ოფისში, სადაც ვიკრიბებით... ჟურნალისტებს არ ეგონოთ, რომ რამეს ვმალავთ. ჩვენ ვიქნებით გამჭვირვალეები, მაგრამ ასეთი რაღაცები არის მიუღებელი. ვინმემ არ ჩათვალოს, რომ მედიას აქვს უფლება მოიპოვოს ინფორმაცია და ჩვენ, ვინც ვაფინანსებთ საზოგადოებრივ არხს, რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს ჩვენი წყალობით, მათთან ჩვენ კითხვები არ გვექნება", - თქვა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბრიფინგს ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტიც, რომელმაც უთხრა, რომ მედიას წყაროები ჰყავს და ეს ჟურნალისტების მუშაობის ნაწილია. ამის პასუხად, მამუკა ხაზარაძემ თქვა:

"ეს ინფორმაცია იყო ამოღებული ჩვენი კომპიუტერიდან, რომელიც ჩვენ გარეთ არ გაგვიცია".

ამასთან, ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მათ ოფისს შუშის კედლები აქვს, "რაც იმას ნიშნავს, რომ აქ დამალული არაფერია. მისივე თქმით, არ იქნება დამალული არანაირი ინფორმაცია, რომელიც "საზოგადოებისთვის იქნება გარეთ სათქმელი".

კომენტარები