ამერიკული სამხედრო ხომალდი

ელიზაბეთ რუდმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდი ფოთის პორტში ვერ შემოვიდა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ადასტურებს, რომ აშშ-ის საზღვაო ხომალდი ფოთის პორტში ვერ შევიდა, თუმცა, "არშეშვება არ მომხდარა". 

ტაბულას საელჩოდან რუდის კომენტარი მიაწოდეს. 

“გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი USNS Yuma ფოთის ნავსადგურში საწვავის მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური კომერციული გემის მიერ იყო დაკავებული. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და გზა თავისი გრაფიკით გააგრძელა". 

ინფორმაცია, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდი ფოთის პორტში ვერ შემოვიდა, თავდაპირველად რუსულმა მედიამ 15 სექტემბერს გაავრცელა. 

რუსული მედია წერს, რომ ამერიკული სამხედრო გემი USNS Yuma საქართველოს ტერიტორიული წყლებში 10 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა, პორტში შესვლის საშუალება არ მიეცა. 

“რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამერიკული გემის გადაადგილების უწყვეტ დაკვირვებას ახორციელებს”, –ნათქვამია რუსეთის თავდაცვის ეროვნული ცენტრის განცხადებაში, რომლის ინფორმაციითაც, სამხედრო ხომალდი შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში 14 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 17:30 საათზე შემოვიდა. 

თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მსგავსი საკითხები უწყებას არ ეხება და ამ საკითხის შესახებ კომენტარი შსს-ის სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში უნდა გააკეთონ. 

სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტმა ტაბულა ფოთის პორტში გადაამისამართა. უწყების განმარტებით, ეს სწორედ პორტს ეხება, ვინაიდან ის კერძოა და გემების შესვლა-არშესვლის საკითხიც სწორედ პორტის დონეზე წყდება. 

ფოთის პორტში ტაბულას უთხრეს, რომ რაც მოხდა, არის ჩვეულებრივი პროცესის ნაწილი და მომხდარი მხოლოდ ტექნიკურმა მიზეზებმა განაპირობა. 

"ოფიციალური კომენტარი არ გაგვიკეთებია, მე ასეთი დირექტივა მაქვს, რომ არც გავაკეთებთ, მაგრამ გეტყვით, რომ მსგავსი რამეები ხდება ხოლმე. ეს იყო ჩვეულებრივი საოპერაციო პროცესი, რაც მოხდა სრულიად, აბსოლუტურად ტექნიკური მიზეზების გამო. 

არაფერი საეჭვო მანდ ნამდვილად არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური საოპერაციო პროცესი, რომ გემის დატვირთვა იგვიანებს. დატვირთვის დასრულება დაგეგმილ დროში ვერ მოხერხდა ისევ პორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შესაბამისად, ეს გემი გველოდა, გველოდა და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ აღარ შემოსულიყვნენ. ეს არ არის არაფერი ფენომენალური მოვლენა. რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნა, შეტყობინება არ გვქონია. აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა. საელჩოს განცხადება იყო სავსებით ამომწურავი, რომ არ გვინდოდა, ხელი შეგვეშალა კომერციული საქმიანობისთვის. 

სენსაციური არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ რუსულმა საინფორმაციო წყარომ ეს გაავრცელა და აგორდა ამბავი. თორემ პორტში დაგვიანებები ხდება, მომხდარა და კიდევ მოხდება. საათივით აწყობილი მექანიზმი არ არის, სამწუხაროდ. 

ჩვეულებრივი კონტეინერმზიდი გემი იყო. აქ ჩამოცალეს და იტვირთებოდა კიდევ. ეს კონტეინერები სხვადასხვა ტერიტორიებიდან მოდის, ყველა კონტეინერი პორტში არ არის დასაწყობებული, იქ რაღაცა გამოვიდა წყობიდან. მთელი ლოჯისტიკური ჯაჭვი. ვინც იცნობს ამ საქმეს, ის ძალიან კარგად მიხვდება, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ჩვეულებრივი მოვლენა მოხდა", - გვითხრა პორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლელა კვანტალიანმა.

კომენტარები