პრეზიდენტის შეწყალება

გოცირიძე პრეზიდენტზე: ეს ქმედება იძლევა იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს

ტაბულა

"უნდა დაიწყოს სასწრაფოდ გამოძიება და ამ პროცესში გამოჩნდება პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ზომა. აშკარად ჩანს, რომ ეს ქმედება იძლევა იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების საქმე ვერ დაიმალება, რადგან ახლა თუ არა, 1 წლის შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლება აუცილებლად დააყენებს ამ შეწყალების აქტებიდან გამომდინარე იპიჩმენტის საკითხს.

გოცირიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო და თავად პრეზიდენტიც რომ არ ყოფილი ამ საქმეში უშუალოდ ჩართული, მისმა გარემოცვამ ჩაიდინა ისეთი ქმედება, რაც ძალიან დიდ ეჭვს აჩენს, რომ ამ საქმეში არის დანაშაულის ნიშნები. 

"პრეზიდენტმა მიიღო ძალიან სკანდალური გადაწყვეტილება, ერთ დღეში სამი მკვლელის შეწყალება არ ხდება ვიღაცის თუნდაც ემოციური ან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების საფუძველზე. მას აქვს სერიოზული სარჩული, როგორც წესი ასეთი სარჩული შეიძლება იყოს ფული, ვიღაცამ გააკეთა ფული. ვინ არიანს ის ადამიანები, არაფორმალური ჯგუფები, თუ პრეზიდენტის სამეგობრო, სადაქალო, ვიღაცამ პრეზიდენტს ხომ უთხრა რატომ უნდა გაეთავისუფლებინა პოლიციელის მკვლელი და რატომ უთხრა? ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებმაც დაარწმუნეს პრეზიდენტი, ან რა მოტივით არწმუნებდნენ, როგორ მივიდა ეს საქმე პრეზიდენტამდე, ჩართული არის თუ არა პრეზიდენტი კორუფციაში", - ამბობს გოცირიძე ტაბულასთან საუბარში.

მანამდე, ევროპული საქართველოს წევრ ოთო კახიძის თქმით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა გადამოწმდეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ყველა ამ შეწყალებული პირის, ასევე მათი ადვოკატების და ოჯახის წევრების კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. გამოძიების მსვლელობისას თუკი დანაშაულის ნიშნები დაფიქსირდა პარლამენტმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება. 

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები