პრეზიდენტის შეწყალება

ქანთარია ზურაბიშვილზე: გამოძიების დაწყებასა და იმპიჩმენტის საკითხს საფუძველი სჭირდება

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატს ნუკრი ქანთარიას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით სამომავლოდ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ მომხდარი ფაქტების გამო იგი უნდა გადადგეს, არ არსებობს.

"რაც შეეხება გამოძიების დაწყებასა და იმპიჩმენტის საკითხს, ამას სჭირდება გარკვეული საფუძველი და ფაქტი", - ამბობს ქანთარია.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება იყო მძიმე და მტკივნეული შეცდომა და მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი წაადგება თუ არა ამ სამქეს უცნობია.

ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პატიმრების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ, ხოლო დანაშაულის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი დღეს, 18 სექტემბერს, გამოაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება. 

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები