პრეზიდენტის შეწყალება

ბოკერია შეწყალებაზე: ერთი და იმავე მიმართულებით ორი, სამი, ოთხი, ხუთი შეცდომა - არჩევანია

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არა სალომე ზურაბიშვილის შეცდომა, არამედ, მისი არჩევანია.

"შეცდომა შეიძლება იყოს ერთი - ერთი და იმავე მიმართულებით. ორი, სამი, ოთხი და ხუთი შეცდომა ერთი და იმავე მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ამაზე მიგითითებენ, მას შემდეგ, რაც უტიფრად ეტყვი საზოგადოებას - "არც აგიხსნით, რა თქვენი საქმეაო", ეს არ არის შეცდომა, ეს არის არჩევანი. გადადგეს კი არა, ასეთი პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა გვყოლოდა. ეს არის პერსონალურად ივანიშვილისა და ყველა იმ ვაჟბატონის პასუხისმგებლობა, ვინც ახლა შეწუხებულის როლს თამაშობს. ჩვენ ვიმკით ივანიშვილისა და ქართული ოცნების უტიფარი ძალადობის შედეგებს ქართველ ამომრჩეველზე. ბუნებრივია, მე ვისურვებდი თავისით გადადგეს" - ამბობს ბოკერია.

​რაც შეეხება იმპიჩმენტს, ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, იმპიჩმენტს სჭირდება დანაშაულის ნიშნები.

"ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური უსინდისობა არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, დისკრეციაა პრეზიდენტის შეწყალება, თუნდაც უსინდისოდ პოლიციელის მკვლელის, ან ახალგაზრდის ცინიკური მკვლელის და მით უმეტეს - ძებნილის",- თქვა მან.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ პროკურატურას კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის შეწყალებები შესაძლოა კორუფციულ გარიგებებს უკავშირდებოდეს.

"დღეს ირმა ნადირაშვილმა და ჩვენმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას, კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით და ამ წყაროს მონაცემებით ადგილი აქვს პირდაპირ კორუფციულ გარიგებებს. შესაძლოა, ჩვენ ვერ ვამტკიცებთ, წყარო გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება გამოძიება. ამიტომ პროკურატურის ვალია, რომ ეს გამოიძიოს, ჩვენ არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ჩვენი ვალია, ამისკენ მოვუწოდოთ.

თუ პროკურატურა ამას არ იზამს კონკრეტულ ვადასა და საღი აზრის ფარგლების ვადაში, ამის შემდეგ ჩვენ საკითხს კომისიის შექმნის თაობაზე დავაყენებთ. აქაც არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ უმრავლესობა ხორავას ქუჩის საქმეზე შემდგარი კომისიის შემდეგ ამ "შეცდომას" საკუთარი თავისთვის დაუშვებს, მაგრამ აქაც ჩვენი ვალია, რომ ეს მოვითხოვოთ.

თუ გამოიკვეთება, რომ არის კორუფციის, ან სხვა ტიპის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები პრეზიდენტის გარემოცვის მხრიდან, შემდეგ უნდა დაიკითხოს ეს გარემოცვა და თუ იქნა კანონის უზენაესობის ფარგლებში მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინა, ამის შემდეგ იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს",- თქვა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს განცხადებით, მათ პრეზიდენტის შეწყალებებზე ინფორმაცია საადვოკატო წრეებთან დაკავშირებულმა წყარომ მიაწოდა. წყაროს ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშრებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

კომენტარები