საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრი

გომელაური ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის სავარაუდო აღდგენაზე: კალანდაძე არავის გაუშვია

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

მთავარი არხის ინფორმაციით, შსს-ს მინისტრობის პერიოდში გიორგი გახარიას მიერ ძალადობის გამო დათხოვნილი პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, თეიმურაზ კალანდაძე დააბრუნეს. არხის ინფორმაციით, კალანდაძე გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ სამმართველოს უხელმძღვანელებს. 

თემაზე საუბრისას ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კითხვაზე დააბრუნეს თუ არა უწყებაში თეიმურაზ კალანდაძე, პასუხობს, რომ "კალანდაძე არავის გაუშვია და ამ პერიოდის განმავლობაში იგი უწყებაში ჩვეულებრივად მუშაობდა."

ჟურნალისტის კითხვაზე გამოიწვია თუ არა სამინისტროში თეიმურაზ კალანდაძის დაბრუნების გადაწყვეტილება გიორგი გახარიას განაწყნება, გომელაური პასუხობს:

"მე არ ვიცი რაზე საუბრობთ, ვის დაბრუნებაზე საუბრობთ გენ-ინსპექციაში თუ შსს-ში, მე და გახარიას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არანაირი პრობლემა არ გვაქვს. შეიძლება ვიღაცა დაბრუნდეს ვიღაცა გავუშვათ, არ ვიცი ვისზე საუბრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შეიძლება ჩემს დროსაც ვინმე წავიდა უშიშროებიდან შეიძლება უკან დაბრუნდეს. კალანდაძე მუშაობდა ჩვეულებრივად, სახლში არავის გაუშვია"

გომელაურის თქმით, სამმართველოს უფროსებისა და მოადგილეების დანიშვნა მის დონეზე არ წყდება. გომელაური ამბობს, რომ მსგავს საკითხებს დეპარტამენტების ხელმძღვანელები წყვეტენ.

თეიმურაზ კალანდაძე სხვადასხვა პერიოდში სამცხე-ჯავახეთისა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. თეიმურაზ კალანდაძის სახელს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება. მათ შორის, ყველაზე გახმაურებული საქმე კოკა კობალაძის ცემის საქმეა. 

სწორედ კობალაძის ცემის ფაქტი გახდა, შსს-დან თეიმურაზ კალანდაძის დათხოვნის მიზეზიც. მაშინ კალანდაძე გლდანი ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსისა და ორი უბნის ინსპექტორის დათხოვნის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება შსს-ს სამინისტროს საიტზე, 2018 წლის 14 ივლისს გამოქვეყნდა, თუმცა განცხადებაში არ არის მითითებული გათავისუფლებული პოლიციელების სახელები და გვარები.

ძალადობაში ეჭვმიტანილი სამმართველოს უფროსის და უბნის ინსპექტორების დათხოვნის ფაქტი დაადასტურა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამაც. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც მთავრობის განახლებული შემადგენლობას უსმენდნენ. თემაზე საუბრისას გახარიას გათავისუფლებული პოლიციელების ვინაობა არ დაუსახელებია და მხოლოდ სამსახურეობრივი თანამდებობებით შემოიფარგლა.

ტაბულა კომენტარისთვის შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. კითხვაზე იყო თუ არა კალანდაძე დათხოვნილი პოლიციიდან პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარს დავყრდნობოდით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები