იტალია-საფრანგეთი

იტალია და საფრანგეთი მიგრანტების გადანაწილების ახალი სისტემის საჭიროებაზე თანხმდებიან

ჯუზეპე კონტე და ემანუელ მაკრონი
Reuters

იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებმა თქვეს, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ახალი ავტომატური სისტემა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებს გადაანაწილებს.

წინა მთავრობის პირიოდში იტალია საფრანგეთს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებს არ იღებდა მიუხედავად იმისა, რომ მათ გადარჩენაში აქტიურად მონაწილეობდნენ ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციები.

სამთავრობო კოალიციის შეცვლის შემდეგ ლიდერებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოსწორების იმედი აქვთ.

"მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ იმას, რასაც იტალია 2015 წლის შემდეგ განიცდის. მათ ბევრი გაუგებრობა და უსამართლობა იწვნიეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ავტომატური ევროპული მექანიზმი საჭიროა მიგრანტების მისაღებად." თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ კი თქვა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს მიგრანტების გადანაწილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიას შეეძლება ბლოკის წევრი 28 ქვეყნის იმედი ჰქონდეს ახალი მიგრანტების გადანაწილების საკითხში.

მაკრონს მიაჩნია, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ სქემაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან მკაცრად უნდა დაისაჯონ.

იტალიის ყოფილი სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მატეო სალვინიმ, რომელიც მიგრაციის საკითხის მიმართ მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, საფრანგეთი წინა მსგავსი შეთანხმების უგულებელყოფაში დაადანაშაულა და თქვა, რომ კონტეს საქციელი მიამიტურია და იტალიის ინტერესებს ღალატობს.

იტალიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა წინა სამთავრობო კოალიციის პერიოდში დაიძავა, როდესაც სალვინი და ლუიჯი დი მაიო მაკრონს იმიგრაციის საკითხზე აკრიტიკებდნენ.

თებერვალში საფრანგეთმა რომიდან ელჩი გაიწვია, მას შემდეგ, რაც დი მაიო ყვითელი ჟილეტების მოძრაობის წევრებს შეხვდა.

კომენტარები