NDI-ის კვლევა

NDI: 68%-ის აზრით, 20 ივნიის ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

ტბელ აბუსერიძე

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, 68% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა. ამასთან, ამ მოქალაქეების 71%-ის აზრით, მათ მიმართ, ვინც ძალა გამოიყენა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს 16%-ს.

გამოყენებულ ძალას სათანადოდ მიიჩნევს 22%.

ამავე კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის 92%-სთვის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია. ძალის გადამატების შესახებ კითხვა სწორედ ამ ადამიანებს დაუსვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრილოვის ღამეს გამოყენებულ ძალას გადამეტებულად მიიჩნევს როგორც თბილისის, ასევე დიდი და პატარა ქალაქების, სოფლების, უმცირესობების დასახლებების უმრავლესობა.

იგივე ეხება ასაკობრივ დაყოფასაც - გამოკითხულთა უმრავლესობა, ასაკის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. თუმცა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-34 წლის ასაკის მოქალაქეებშია.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები