NDI-ის კვლევა

NDI: 46%-ის აზრით, რუსეთიდან ფრენების აკრძალვით შექმნილ პრობლემას ტურიზმის ინდუსტრია დაძლევს

NDI-ის კვლევის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთიდან საქართველოში სამგზავრო ფრენების აკრძალვის შესახებ ინფორმაცია 87%-ს ჰქონდა. 

ამასთან, 

46% იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე, მაგრამ ტურისტული ინდუსტრია ამ გამოწვევას დაძლევს. 

34%-ის აზრით, ეს აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე, მაგრამ ტურისტული ინდუსტრია ამ გამოწვევას ვერ დაძლევს. 

1% ფიქრობს, რომ ეს აკრძალვა ქართულ ტურიზმზე დადებითად აისახება. 

9%-ის აზრით, ამ აკრძალვას ქართულ ტურიზმზე გავლენა არ ექნება. 

პუტინმა ხელი ბრძანებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა დროებით აეკრძალათ, 21 ივნისს მოაწერა, 20 ივნისის საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც რუსეთის დუმის კომუნისტური დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები