NDI-ის კვლევა

NDI: 46% ეთანხმება აქციის მონაწილეების მოთხოვნას გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ

ტაბულა

​​​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, იმ ადამიანები 46%, ვისთვისაც 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია, ეთანხმება აქციის მონაწილეების მოთხოვნას გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით.

39% არ ეთანხმება, ხოლო 14% პასუხობს "არ ვიცი".

ამასთან, გახარიას გადადგომის მოთხოვნას დაახლოებით ერთნაირად იზიარებენ თბილისში, დიდ და პატარა ქალაქებში, სოფლებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია (54%).

აღსანიშნავია ისიც, რომ გახარიას გადადგომის მოთხოვნას ყველაზე მეტად არ ეთანხმებიან ის ადამიანები, ვის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების კიდევ ერთ მოთხოვნას, საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან ამ მოთხოვნის შესრულების თაობაზე და მათგან 85%-სთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია.

გარდა ამისა, NDI-მ მოსახლეობას ჰკითხა როგორ აფასებენ მთავრობის პასუხს 20 ივნისის მოვლენებსა და შემდგომ საპროტესტო აქციებზე. უმრავლესობა, 59% მმართველი გუნდის პასუხს უარყოფითად აფასებს, ხოლო 23 % დადებითად.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები