თამბაქო

მაჭავარიანი: აუცილებელია, დაიბეგროს ასაწონი თამბაქოც

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა მთავრობის გეგმაზე, შემოიღოს აქციზური გადასახადი ასაწონ თამბაქოზე.

მაჭავარიანის თქმით, აუცილებელია დაიბეგროს საქონელი, რომელზე მოთხოვნაც მომატებულია ფილტრიან, იმპორტირებულ და ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე გაზრდილი აქციზის გადასახადის გამო.

"თქვენ იცით, რომ შარშან გვქონდა თამბაქოს აქციზის ზრდა ფილტრიანზე, იმპორტირებულზე და ე.წ ადგილობრივ უფლიტროზე. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობა მომხმარებლის გადავიდა ასაწონ თამბაქოზე, რომელიც არ იბეგრებოდა პრაქტიკულად. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ელასტიურობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა," - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მისი განცხადებით, ამ ცვლილებით კომპენსირებული იქნება დანაკარგი, რომელიც ბიუჯეტმა მიიღო ასაწონ თამბაქოზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.

"დაბეგვრა მანდაც იქნება ნორმალური, გონიერი, ისე, რომ ხელმისაწვდომი მაინც იყოს მწეველისთვის. კარგი ტენდენცია ისაა, რომ მწეველების რაოდენობის შემცირება დასტურდება." - თქვა ივანე მაჭავარიანმა.

აქციზი თამბაქოზე 2019 წლის 1 იანვარს გაიზარდა. უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) კი - 10%-დან 30%-მდე, რამაც სიგარეტის 1 კოლოფზე ფასი 1 ლარით გაზარდა. 

სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. 

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. 

2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტზე 13 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 2018 წელს ეს მონაცემი არ შეცვლილა, ხოლო 2019 წელს კი 39-მდე მოიმატა, რაც 3-ჯერ ზრდას გულისხმობს. 

შედარებისთვის, 2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა ჯამში 13 431 უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2018 წელს - 26 612, ხოლო 2019 წელს კი გასულ წელთან მიმართებით მონაცემი 707-ით გაიზარდა და 27 319 კოლოფი შეადგინა. 

კომენტარები