ჰუსიტი ამბოხებულები

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულები საამიროებს​ თავდასხმით ემუქრებიან

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულები არაბთა გაერთიანებულ საამიროებს​ თავდასხმით ემუქრებიან.

18 სექტემბერს ჰუსიტმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ათეულობით შესაძლო სამიზნე ნახეს.

"საამიროების რეჟიმს ვეტყვით, რომ ჩვენი ერთი ოპერაცია ძვირად დაგიჯდებათ. დღეს პირველად ვაანონსებ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ათეულობით სამიზნე ამოვიღეთ, ზოგიერთი აბუ-დაბიშიც არის და მათზე დარტყმა ნებისმიერ დროს შეიძლება," - განაცხადა ჰუსიტი ამბოხებულების სამხედრო ძალების სპიკერმა იაჰია სარიამ.

მისივე თქმით, ჰუსიტ ამბოხებულებს ახალი დრონები აქვთ, რომლებსაც საუდის არაბეთის სამიზნეებისკენ ღრმად შეჭრა შეუძლიათ. 

იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები კოალიციაში საუდის არაბეთის მთავარი პარტნიორია.

16 სექტემბერს იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით დაემუქრნენ.

"ვარწმუნებთ საუდის არაბეთს, რომ ჩვენი გრძელი ხელი ყველგან მიწვდება, სადაც გვსურს და როდესაც გვსურს." თქვა დაჯგუფების სპიკერმა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თურკი ალ-მალკის თქმით, თავდასხმა იემენიდან ვერ წამოვიდოდა და ჰუსიტი ამბოხებულები ირანის ქმედებებს მალავდნენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ირანს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა, რადგან სამხრეთით იყო მიმართული იემენიდან წამოსული თავდასხმის შესაჩერებლად.

სიტუაციის შესასწავლად საუდის არაბეთში ფრანგი ექსპერტები გაემგზავრნენ.

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საპასუხო გეგმის მომზადება დაავალეს, თუმცა თეთრი სახლი საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედონ. უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა თურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ ყოველგვარი კითხვის გარეშე, ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის სპონსორი ირანი იყო.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანს თავდამსხმელად იემენის წარმოჩენა სურდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ნავთობის ობიექტებს ჩრდილოეთიდან დაესხნენ თავს, რაც იემენის მონაწილეობას გამორიცხავს. 

საუდის არაბეთში თავდასხმის დროს გამოყენებული დრონების და რაკეტების ნაწილები აღადგინეს, რომლებიც მათი თქმით, ირანში იყო დამზადებული.

ირანი თავდასხმაში მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით ობიექტების სრულად აღდგენა თვის ბოლომდე მოხერხდება.

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი რეგიონში მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები