NDI-ის კვლევა

კალაძე: მაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო NDI-ის კვლევებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში

თბილისის მერია

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ის NDI-ის კვლევებს არ ენდობა. მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, კვლევის შედეგები, შემდეგ განვითარებულ მოვლენებს არ ემთხვევა. 

"შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ ვართ ასე განწყობილი იმ კვლევებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს კონკრეტული ორგანიზაცია საქართველოში უკვეთავს იმ მკვლევარებს, ვინც მოღვაწეობს ამ მიმართულებით. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შეგიძლია ამოვიღოთ მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, შედეგები ვნახოთ და თუ როგორ ვითარდებოდა შემდეგ მოვლენები. შესაბამისად, მაქვს საფუძველი იმისა, რომ არ ვენდო კვლევებს განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში"- ამბობს კალაძე.

კალაძე ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, რაც მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში აქვს.  

"ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის, მოსახლეობასთან შეხვედრებში, მათი განწყობა და დამოკიდებულება დედაქალაქის მერიის მიმართ"- ამბობს კახა კალაძე. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას", 60%-ის პასუხია "უარყოფითად". 

ეს მაჩვენებელი 2019 წლის მაისის კვლევაში 56% იყო.

ამასთან, შემცირდა მთავრობის საქმიანობით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი და 32% შეადგინა. 2019 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 36% იყო. არ იცვლება იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც კითხვაზე პასუხობს "არ ვიცი". ეს მაჩვენებელი 6%-ია.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის უარყოფითად შემფასებელთა რაოდენობა 2018 წლიდან იზრდება და შესაბამისად, მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კმაყოფილია. 

რაც შეეხება დედაქალაქის მერს, NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 11% კახა კალაძის საქმიანობას მხოლოდ თბილისში აფასებს, როგორც "ძალიან კარგი". 24% ფიქრობს, რომ კალაძის საქმიანობა "კარგია".  37% მერის საქმიანობას საშუალოდ მიიჩნევს. 10% - ცუდად. 3% - ძალიან ცუდად. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები