შეწყალება

ევრ. საქართველომ შეწყალების საქმეზე გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას წერილობით მიმართა

0 კომენტარი
ფოტო: მეორე არხი

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით მიმართა. პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტზე და ამ აქტის მიხედვით შეწყალებულ პირებზე საუბრობს.

დეპუტატი ამბობს, რომ სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

"ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი," - ამბობს ნადირაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342).

"გუშინ, 19 სექტემბერს, საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და მოგიწოდეთ, დაუყოვნებლივ დაგეწყოთ გამოძიება. გუშინვე სხვადასხვა მასმედიის საშუალებით გავრცელდა მოკლული გიორგი ქოიავას მამის, თამაზ ქოიავას განცხადება, რომლის თანახმადაც, მისი შვილის მკვლელის, ზურაბ ნადირაძის ინტერესებს იცავდა სწორედ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია. აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს ჩემი წყაროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას,"- ამბობს ნადირაშვილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

ეს ინფორმაცია ევროპულმა საქართველომ გუშინ 18 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურას გამოძიების დაწყებისაკენ მოუწოდა. მათ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დასაწყებად ერთთვიანი ვადა მისცეს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება".

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები