სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

გიორგი კანდელაკი: ქართულმა ოცნებამ დევნილთა დაბრუნების უფლებაზე ხელი აიღო

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთზე დაკისრებულ სანქციებში საქართველოს საკითხის მოხვედრის ინიციატივაზე ქართული ოცნების ლიდერთა აგრესიულ თავდასხმები ადასტურებს, რომ მმართველმა გუნდმა, ოკუპანტ სახელმწიფოზე რაიმე ქმედით საერთაშორისო ზეწოლაზე, საბოლოოდ უარი თქვა.  

კანდელაკმა ევროპული საქართველოს პროექტის მესამე პუნქტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასავლური კორპორაციების მიერ (როგორიცაა AirBNB da booking. com) საქართველოს მოქალაქეებისთვის ოკუპანტების მიერ წართმეული უძრავი ქონების გაქირავების საკითხს ეხება.  

"დადგენილების პროექტი ავალებს მთავრობას იმუშაოს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან რათა აღნიშნული და მსგავსი პროფილის სხვა დასავლური კომპანიების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობა აღიკვეთოს იმისათვის რომ არ მოხდეს ჩვენი დევნილებისთვის უძრავი ქონების წართმევის ერთგვარი დაკანონება. დევნილთა საკუთრების უფლებების ასეთი უხეში უგულვებელყოფა მთავრობის მხრიდან მათი დაბრუნების უფლებაზე დე ფაქტო ხელის აღების ტოლფასია. ამავე დროს, სრული აბსურდია რუსეთის საპასუხო სანქციების შიშის თესვა რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლური კომპანიების საქმიანობის აღკვეთაზე დასავლეთის სახელმწიფოების მიერ"- აღნიშნა კანდელაკმა  

17 სექტემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ევროპული საქართველოს მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების წევრებმა დადგენილების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპული საქართველოს მომზადებული ტექსტი "პროვოკაციულია" და ისინი ამას არ წამოეგებიან. კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს, რომ საქართველოს მოუწევს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა რუსეთის აგრესიისთვის", ქართული ოცნებისთვის პრინციპულად მიუღებელია.

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია. პარტია ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს: 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დადგენილების პროექტში წერია, რომ აუცილებელია, მთავრობამ შეასრულოს ეს სამი მოთხოვნა, ვინაიდან: 

  • რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;
  • ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა - დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა - და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია;
  • ვინაიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება - მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება - საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები