ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში მშვიდობის მიღწევის მიზნით ვერტმფრენიდან ნაკურთხი წყალი გადმოასხეს

Sputnik Абхазия

ოკუპირებულ აფხაზეთში სასულიერო პირებმა მშვიდობის მიღწევისა და საზოგადოებაში გაჩენილი კონფლიქტის დაძლევის მიზნით ვერტმფრენიდან 12 ლიტრი ნაკურთხი წყალი გადმოასხეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, წყალი მაშინ მოაფრქვიეს, როდესაც სასამართლოში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული ალხას კვიცინიას სარჩელს განიხილავდნენ. 

ბესარიონ აფლია, ოკუპირებული აფხაზეთის სქიზმატური დაჯგუფების ლიდერი ამბობს, რომ მსგავსი რამ ადრეც გაუკეთებიათ, მისივე თქმით, ქმედება გაჩენილი დაძაბულობის დაძლევას ემსახურება.

"მსგავსი შემთხვევა ადრეც მქონია, თუმცა ვერ ვიხსენებ რომელი წელი იყო. როდესაც ქვეყნის შიგნით გაურკვევლობა და დაპირისპირებაა, ვლოცულობთ. დღეს შევძელით, რომ ვერტმფრენით ზეცაში ავსულიყავით და სახარება წაგვეკითხა,"-თქვა ბესარიონ აფლიამ.   

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ოპოზიციური პარტიის "ამცახარას" ლიდერმა, ალხას კვიცინიამ, შედეგები გაასაჩივრა. სასამართლოში სარჩელის განხილვა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი მხარს გამარჯვებულ რაულ ხაჯიმბას უჭერს.  

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოქმედ ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 9 კონკურენტი ჰყავდა, თუმცა არჩევნებში კვლავ მან გაიმარჯვა. არსებული ინფორმაციით, სეპარატისტულ არჩევნებში 116 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. გახსნილი იყო 150 საარჩევნო უბანი.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ არჩევნები იყო "მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული".  

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ირლანდიამ, კანადამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, ფინეთმა, ჩეხეთმა - ჯამში 15-მა სახელმწიფომ, ერთობლივი განცხადებით დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. 

ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონთან ერთად, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს აღიარებული. ამ რეგიონებს, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობები მართავენ.

კომენტარები