გავრილოვის ღამე

"გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, სად წავა" - ჩუბინიძის თქმით, 20 ივნისის საქმეზე გამოიკითხა

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე მთავარ პროკურატურაში ორჯერ გამოიკითხა. ანზორ ჩუბინიძის თქმით, გამოძიებას აინტერესებდა "რა დონეზე მონაწილეობდნენ" და "როგორ იყვნენ ჩართულები" პროცესში სამსახურის თანამშრომლები. ასევე, ჩუბინიძე ამბობს, რომ მასთანაც ჰქონდათ გარკვეული კითხვები.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფრო მედიასთან ამბობს, რომ უწყების თანამშრომლები პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ნამდვილად იყვნენ, რადგან ეს მათი დასაცავი ობიექტია. ანზორ ჩუბინიძის თქმით, ის მითითებებს მხოლოდ მის თანამშრომლებზე გასცემდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გასცა თუ არა აქციის მონაწილეებზე დამიზნებით სროლის ბრძანება, ანზორ ჩუბინიძეს გაეღიმა და თქვა:​

"​რა თქმა უნდა არ გავცემდი არანაირი ბრძანებას სროლაზე, საერთოდ სროლაზე. რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები განლაგებული იყვნენ პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო, იქნება და სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი, მონაწილეობას ყოველთვის მივიღებ კანონსაწინააღმდეგო [ქმედების აღკვეთაში]", - თქვა მან.

გარდა ამისა, ჩუბინიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტთან მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ, არც ლეტალური და არც არალეტალური.

"გამოძიებამ უნდა გასცეს ყველანაირი პასუხი საზოგადოების კითხვაზეც და გამოძიებაზეც. არავინ არ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის მეც, თუ დადგება ამაზე. მე პროკურატურაში ვიყავი დაძახებული, ორჯერ ვიყავი და პასუხი გავეცი მათ კითხვებზე. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, სად წავა, ხომ ვერ გაჩერდება? აუცილებლად მივა ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას პასუხის გაეცემა", - თქვა ანზორ ჩუბინიძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, სხვადასხვა წყაროში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრძანებებს სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე გასცემდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები