გავრილოვის ღამე

გახარია: ეს იყო გავრილოვის დღე, მაგრამ იყო პარლამენტის შტურმის ღამე

0 კომენტარი

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც პროკურატურაში მივიდა და გამოძიებას ჩვენება მისცა და თუ საჭირო იქნება, გახდება პირველი პრემიერმინისტრი, რომელიც იგივეს გააკეთებს.

ამის შესახებ გახარიამ 20 ივნისის ღამეზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ 20 ივნისი იყო გავრილოვის დღე და პარლამენტზე შტურმის ღამე.

"ეს იყო გავრილოვის დღე, მაგრამ იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული პოლიციელი, რომელმაც მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. ასევე მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობით, ფიზიკური ძალადობით [ხელისუფლების შეცვლის მცდელობა]", - თქვა გახარიამ.

ჟურნალისტების კითხვას, რამდენად საკმარისი იყო 20 ივნისის აქციის ძალადობრივ დარბევაზე ხელისუფლების რეაგირება, პრემიერმინისტრი პასუხობს, რომ ამას პროკურატურა გადაწყვეტს.

გიორგი გახარიას თქმით, ერთეული გადაცდომები იყო, რომლებზეც დევნა დაწყებულია და გამოძიება გრძელდება.

გარდა ამისა, შს ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ აქციის 18 მონაწილე ციხეში სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ ძალადობისთვის ზის.

"და სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები დაიცვას როგორც ინსტიტუტი, ასევე, მშვიდობა და მართლწესრიგი ქალაქში", - აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვას, თუ ამ ადამიანების დაკავება მოხერხდა დროულად, რატომ ვერ გახდა შესაძლებელი იგივე იმ ძალოვანების მიმართ, რომლებიც აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გახარია პასუხობს, რომ ისინი "პირდაპირ ეკრანზე ჩანდა"

"ეს გამოძიების ნაწილია. როდესაც ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციაზე, პირდაპირ ეკრანზე ჩანდა. მომიტანეთ თქვენ, ან მიიტანეთ საგამოძიებო ორგანოში, ახლა მე ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან გესაუბრებით... [ვინც კადრებში ჩანს და ძალადობდა] ყველა დაკავებულია მათ შორის, ერთი მაინც მომიტანეთ კადრი და შემდგომ გავაგრძელოთ", - თქვა გახარიამ.

ამასთან, 20 ივნისის ღამეზე საუბრისას, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც აქცია დააორგანიზეს და ეკრანებიდან მოუწოდებდნენ ადამიანებს "ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტში".

"რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციამ... მე არ ვამბობ პირდაპირ ოპოზიციამ, მაგრამ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს ეს აქცია და რომლებიც ეკრანზე, ტელევიზიის ეკრანზე მოუწოდებდნენ ადამიანებს ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტში, მათაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ", - თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები