ევროპის პარლამენტი

ევროპის პარლამენტმა რუსეთის მთავრობის მიერ საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებების დაფარვა დაგმო

ევროპის პარლამენტმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიდან 80 წლის გასვლასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროპელი კანონმდებლები შეშფოთებას გამოხატავენ მოსკოვის პოლიტიკაზე, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებების დაფარვას ემსახურება.

რეზოლუციას მხარი 535-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 66, ხოლო თავი შეიკავა 52-მა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მოლოტოვ-რიბენტოპის პაქტმა და მისმა საიდუმლო პუნქტებმა სათავე დაუდო ორ ტოტალიტარულ რეჟიმს შორის დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიის დანაწილებას და ანექსიას და მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, რასაც ადამიანის უფლებათა უპრეცედენტო დარღვევები და ევროპის ქვეყნების ოკუპაცია მოჰყვა.

"მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების და ნაცისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ ზოგმა ევროპულმა ქვეყანამ შეძლო აღორძინება, სხვა ევროპული ქვეყნები რჩებოდნენ დიქტატურის ქვეშ, ნაწილი კი პირდაპირი საბჭოთა ოკუპაციის ან გავლენის ქვეშ და ნახევარი საუკუნის მანძილზე არ ჰქონდათ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ღირსება, ადამიანის უფლებები და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

მაშინ, როდესაც ნაცისტური რეჟიმის ქმედებები შეფასდა და დაისაჯა ნიურნბერგის პროცესზე, კვლავ არის სტალინიზმის და სხვა დიქტატურების დანაშაულებებზე ცნობიერების ამაღლების, მორალური შეფასების და ლეგალური ქმედების საჭიროება." ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში მოსკოვის პოლიტიკა შეფასებულია როგორც "საშიში კომპონენტი დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში". ის ევროკომისიას მოუწოდებს ამ ქმედებების წინააღმდეგ ეფექტური ზომები მიიღოს.

ევროპის პარლამენტს მიაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა ცდილობს გაამართლოს კომუნისტური რეჟიმის დანაშაულები და ამით ხელს უშლის რუსეთში დემოკრატიის განვითარებას.

"რუსეთი რჩევა კომუნისტური ტოტალიტარიზმის მსხვერპლად და მისი დემოკრატიულ ქვეყნად განვითარება შეფერხებული იქნება მანამ, სანამ მისი მთავრობა და პოლიტიკური ელიტა აგრძელებს პროპაგანდას და კომუნისტური დანაშაულებების დაფარვას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის განდიდების მიზნით."

რეზოლუცია რუსეთის საზოგადოებას მოუწოდებს თვალი გაუსწოროს ტრაგიკულ წარსულს.

"შეშფოთებას იწვევს რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის მცდელობები დაამახინჯოს ისტორიული ფაქტები და დამალოს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებები. ეს მიიჩნევა დემოკრატიული ევროპის წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის ნაწილად და მიზნად ისახავს ევროპის გახლეჩას.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ წევრ ქვეყანაში კვლავ არსებობს მონუმენტები და მომორიალები, რომლებიც ხოტბას ასხამს ტოტალიტარულ რეჟიმებს და ხელს უწყობს მეორე მსოფლიო ომზე ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და ეწევა ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემის პროპაგანდას.

ვგმობთ ევროპაში ექსტრემისტულ და ქსენოფობიურ პოლიტიკურ ძალებს და ისტორიული ფაქტების დამახინჯებას, სიმბოლიზმის და რიტორიკის გამოყენებას, რომელიც იმეორებს ტოტალიტარულ პროპაგანდას, მათ შორის რასიზმს, ანტისემიტიზმს და სექსუალური და სხვა უმცირესობების სიძულვილს.

მოუწოდებს წევრ ქვეყნებს უზრუნველყოს საბჭოს სამოქმედო გეგმის პირობების შესრულება რათა ებრძოლოს ორგანიზაციებს, რომლებიც თესავენ სიძულვილის ენას და ძალადობას საჯარო და ონლაინ სივრცეებში, აკრძალოს ნეო-ფაშისტური და ნეო-ნაცისტური ჯგუფები და ნაციზმის, ფაშიზმის და სხვა ტოტალიტარიზმის განდიდების მცდელობები საკუთარი კანონების და იურისდიქციის ფარგელბში.

მოუწოდებს პრეზიდენტს წარუდგინოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისას, წევრი ქვეყნების პარლამენტებს და მთავრობებს, რუსეთის დუმას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს."

გარდა საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებებისა, ევროპის პარლამენტი გმობს ჰოლოკოსტის უარმყოფლებს და ნაცისტური რეჟიმის და კოლაბორაციონისტების დანაშაულებების გამართლების ნებისმიერ მცდელობას და მის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებს.

"ევროპის ტრაგიკული წარსული უნდა იქცეს მორალურ და პოლიტიკურ შთაგონებად, რათა თვალი გავუსწოროთ დღევანდელ გამოწვევებს და ვიბრძოლოთ უფრო სამართლიანი, ღია და ტოლერანტული საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც იღებს ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს და რომლის ფარგლებშიც ევროპული ღირებულებები ყველასათვის იმუშავებს." ნათქვამია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერიდან 80 წელი გავიდა. პაქტს თან ახლდა საიდუმლო შეთანხმება ჰიტლერსა და სტალინს შორის, რომელითაც მათ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროები გადაინაწილეს.

სწორედ ამის შემდეგ, 1939 წლის პირველ სექტემბერს გერმანიის საბრძოლო ხომალდმა SMS Schleswig-Holstein-მა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ გდანსკთან, ვესტერპლატეს ნახევარკუნძულზე მყოფ პოლონელ ჯარისკაცებს. ეს თავდასხმა ითვლება მეორე მსოფლიო ომის დასაწყისად.

ნაცისტური გერმანიის შეჭრიდან 2 კვირის შემდეგ აღმოსავლეთ პოლონეთში საბჭოთა კავშირი შევიდა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო პუნქტებით გადანაწილებული ტერიტორია დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს პუტინმა ნაცისტებთან დადებული ყველა პაქტი დაგმო, როგორც "მორალური გადმოსახედიდან მიუღებელი", რუსეთში სტალინის და მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავებულია. რუსეთს არ მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი ამაში პასუხისმგებლობას იზიარებს და სკოლებში კვლავ ისწავლება, რომ "დიდი სამამულო ომი" არა 1939 წელს, არამედ 1941 წელს დაიწყო, როდესაც ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა. აგვისტოს ბოლოს  რუსეთის მთავრობამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტოპის პაქტის რეაბილიტაციის მცდელობაა და ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირი იძულებული იყო ხელი მოეწერა იმის გამო, რომ დასავლეთი წინ ვერ აღუდგა ჰიტლერის აგრესიას.

მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო არქივში პაქტის და საიდუმლო პროტოკოლის ორიგინალი დოკუმენტები გამოიფინა. მასთან ერთად 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დოკუმენტები, რომლებიც, ორგანიზატორების თქმით ადასტურებს საბჭოთა კავშირის შიშებს, რომ დასავლეთი ცდილობდა ნაცისტური გერმანიის აგრესია მოსკოვისაკენ მიემართა.

პუტინმა ასევე მაგალითად მოიყვანა პოლონეთის მიერ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ანექსია 1938 წელს და თქვა, რომ მხოლოდ მოსკოვს არ ჰქონდა შეთანხმება ჰიტლერთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი თქვა:

"ამ პირობებში, საბჭოთა კავშირი იძულებული იყო თავად ამუშავა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფიათვის და ხელი მოწერერა გერმანიასთან პაქტზე."

რუსეთის ამ პოზიციას გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი:

"დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ცდილობს ისტორიის გაყალბებას. ისინი ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომი 1941 წელს დაიწყო. არა - ომი დაიწყო ნაცისტური და საბჭოთა ჯარების შეჭრით პოლონეთში, 1939 წლის სექტემბერში, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის განაწილების მიხედვით." თქვა დუდამ.

რუსეთში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის, რომლის საიდუმლო პროტოკოლის არსებობაც საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1989 წელს აღიარა, გადაფასება ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, როდესაც პუტინმა ის მიუნხენის შეთანხმებას შეადარა და ბალტიის ქვეყნები "კოლაბორაციონიზმის გადასაფარად" რუსეთზე თავდასხმაში დაადანაშაულა. პაქტის ქებამ კი პიკს 2014 წელს ყირიმის ანექსიისას მიაღწია, როდესაც მოსკოვმა უკრაინის რევოლუციის მხარდაჭერა ნაცისტებთან კოლაბორაციას შეადარა, ხოლო რუსეთის კულტურის მინისტრმა პაქტს საბჭოთა დიპლომატიის უდიდესი მიღწევა უწოდა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთში სტალინის პოპულარობა იზრდება.

სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის პიროვნების მიმართ დადებითმა შეფასებამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია. საბჭოთა ლიდერის როლს დადებითად რუსეთის 70% აფასებს.

კომენტარები