უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

იუსტიციის საბჭოს წევრები ეუთოს ანგარიშს აბსურდულს და არაადეკვატურს უწოდებენ

0 კომენტარი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ონიანი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავას და ლევან გზირიშვილი ეხმაურებიან ეუთოს (ODIHR) მიერ 2019 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მასში გამოვლენილ დარღვევებს ეხება და ორგანიზაციას ტყუილში ადანაშაულებენ. 

მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაში ჩამოთვლილია მთელი რიგი პუნქტებისა, რომლებიც, მათი აზრით, არაზუსტი, სადავო ან აბსურდულია და ამიტომ ეუთომ ანგარიშიდან უნდა ამოიღოს. 

მაგალითად, საბჭოს წევრთა ნაწილისთვის მიუღებელია ეუთოს მიერ გაკეთებულ მითითებული იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს "სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში", ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს გაკეთებულ კვლევას ეყრდნობა. 

საბჭოს წევრები ამბობენ, რომ დასკვნა მცდარია, რადგან "TI-ის "კვლევა" ნდობას არ იმსახურებს". 

"გასაკვირია, ODIHR რატომ ეყრდნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი აშკარად ანტაგონისტურად განწყობილი და, შესაბამისად, მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას და უგულებელყოფს თითქმის იმავე პერიოდში (2019 წლის იანვარში) გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომელიც ჩაატარა ავტორიტეტული და ნეიტრალური სუბიექტებისგან შემდგარმა კონსორციუმმა ,,IPSOS FRANCE“-ის (ავტორიტეტული, მსოფლიოში მე-3 ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაცია), „Amicus Curiae“-ის, პროფესორი იან ვან დაიკის და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ "გორბის" შემადგენლობით.", - ამბობენ საბჭოს წევრები და იქვე უთითებენ გორბის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც რესპონდენტთა უმეტესი ნაწილი საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს, მიიჩნევს, რომ სასამართლო არის სანდო და ეთანხმება დებულებას, რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლო. 

აქედან გამომდინარე, საბჭოს წევრები თვლიან, რომ "სადავო დასკვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს "სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში", როგორც ფაქტობრივი უზუსტობა, ამოღებულ უნდა იქნეს ანგარიშიდან". 

ასევე, საბჭოს წევრებს შენიშვნები აქვთ ეუთოს დასკვნის სხვა პუნქტებთანაც, კერძოდ: 

ანგარიშის მოკლე შინაარსის მე-3 აბზაცში მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღინიშნებოდა "მწვავე შიდა უთანხმოება და დაპირისპირება მოსამართლე წევრებსა და არამოსამართლე წევრების ორ ჯგუფს შორის". 

საბჭო აღნიშნავს, რომ ამგვარი ჯგუფები არ არსებობს, არმოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი კი "დესტრუქციული და პროცოკაციული ქმედებებით უპირისპირდებოდნენ მთელ დანარჩენ საბჭოს". 

"საბჭოს არამოსამართლე 2 წევრი - ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, რომლებიც, თავიანთი დესტრუქციული, პროვოკაციული ქმედებებით, უპირისპირდებიან მთელ დანარჩენ საბჭოს და სასამართლო სისტემას. მათი ამგვარი ქმედების შესახებ ანგარიშშივეა საუბარი (იხ: "გასაუბრება კანდიდატებთან" ნაწილის მე-5 აბზაცის ბოლო ორი წინადადება, სადაც მითითებულია, რომ ეს ორი წევრი გარკვეულ კანდიდატებთან იყენებდნენ გასაუბრების უხეშ სტილს, რომელიც დაკითხვას უფრო ჰგავდა და მიზნად ისახავდა რესპონდენტის მხოლოდ სუსტი მხარეების გამოააშკარავებას).

ამიტომ, მიზანშეწონილია - ანგარიშის შესაბამის ნაწილებში ყველგან მიეთითოს, რომ უთანხმოება და დაპირისპირება არსებობდა ერთი მხრივ ნაზიბროლა ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს და მეორე მხრივ - მთელს დანარჩენ საბჭოს წევრებს შორის. ამგვარი ჩანაწერი ფაქტობრივად ანგარიშის ერთ ნაწილში უკვე არის ასახული (იხ: "სასამართლო ხელისუფლების საზედამხედველო ორგანო“, მე-2 აბზაცი)". 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი ასევე არ იზიარებს მითითებას ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

"ანგარიშის "მოკლე შინაარსის" ნაწილის მე-4 აბზაცში, ასევე - "ინტერესთა კონფლიქტის" ნაწილის მე-3 აბზაცში აღნიშნულია, რომ საბჭოს ორმა წევრმა უარი თქვა თვითაცილებაზე "მიუხედავად განმცხადებლებთან ნათესაური კავშირებისა“. სავარაუდოდ, იგულისხმებიან საბჭოს წევრები - თამარ ონიანი და ირაკლი შენგელია, რომლებთანაც, გარკვეული კრიტერიუმებით, დაკავშირებულ იქნა ორი კანდიდატი - ზურაბ აზნაურაშვილი და ლევან თევზაძე, კერძოდ: ზურაბ აზნაურაშვილი არის თამარ ონიანის ყოფილი მეუღლის ძმა; ლევან თევზაძე კი არის ირაკლი შენგელიას მეუღლის ძმა.

"ნათესაური კავშირი" ბუნდოვანი ცნებაა და არ არსებობს ამ ცნების ერთიანი, უნივერსალური გაგება. არც ერთ საკანონმდებლო აქტში არის განსაზღვრული, რომ ყოფილი მეუღლის ძმა ან ცოლის ძმა არიან ნათესავები იმ თვალსაზრისით, რომ მათთან მიმართებით მიმდინარე რაიმე სამართლებრივ პროცედურაში მონაწილეობიდან გამოირიცხოს კონსტიტუციური კოლეგიური ორგანოს წევრი, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის საფუძვლით. დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თამარ ონიანი ზურაბ აზნაურაშვილის ძმასთან წელიწადზე მეტია, რაც განქორწინებულია და აღნიშნულის თაობაზე ODIHR-ის ერთ-ერთი მონიტორისთვისაც ცნობილი იყო.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ჩანაცვლებას ad hoc წევრით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა და ტრადიციული ქვეყანაა, სადაც ზემოთ აღნიშნულის მსგავსი ურთიერთობით ერთმანეთთან მრავალი ადამიანი შეიძლება იყოს დაკავშირებული, ინტერესთა შეუთავსებლობის ამგვარი საფუძვლით საბჭოს წევრთა პროცესებიდან ჩამოშორებამ შეიძლება საბჭოს საქმიანობის პარალიზებაც გამოიწვიოს. სამართლის დოქტრინაში ისიც აღიარებულია, რომ კონსტიტუციური ორგანოს მიერ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის ინსტიტუტი არ მოქმედებს.

ის ფაქტიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ არც ერთი ხსენებული კანდიდატი 20 კანდიდატისგან შემდგარ სიაში არ მოხვედრილა და, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილიც არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია - სადავო ჩანაწერი საერთოდ იქნეს ამოღებული ანგარიშიდან". 

საბჭოს წევრები აბსურდულს უწოდებენ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პროცედურაში კანდიდატად მონაწილე გენერალურ პროკურორს შორის, რადგან მიმდინარეობს სისხლის სამართლის ორი საქმე, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება გიორგი მიქაუტაძეს. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ამაზე მათი არამოსამართლე კოლეგა, ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობდა. 

"ამ ფაქტზე გამუდმებით საუბრობდა საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, იმ მოტივით, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმით (რომელიც აღძრულია არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, რაზედაც, ნაზიბროლა ჯანეზაშვილის მტკიცებით, გიორგი მიქაუტაძეა პასუხისმგებელი) გიორგი მიქაუტაძეზე ზეწოლის ბერკეტი არსებობდა; თუმცა, თავადვე აღიარებდა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა ამ საქმეზე გასული იყო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, თუნდაც გავყვეთ ნაზიბროლა ჯანეზაშვილის ლოგიკას და მივიჩნიოთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს წარსულში დანაშაული შესაძლოა მართლაც ჩადენილი ჰქონდეს, კანონით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მას ვერანაირი პასუხისმგებლობა დაეკისრება და, შესაბამისად, ამგვარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეც ვერანაირად მიიჩნევა გიორგი მიქაუტაძეზე ზემოქმედების ბერკეტად.

ამდენად, არანაირი ინტერესთა კონფლიქტი მოქმედ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არ არსებობს". 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ასევე ეხმიანებიან ეუთოს ანგარიშში მითითებულ შენიშვნას, რომ "ზოგიერთ კანდიდატს გასაუბრებისას "ხელსაყრელი პირობები" ექმნებოდა: მათ საბჭოს წევრები უსვამდნენ ადვილ შეკითხვებს, კანდიდატთა სპეციალიზაციის სფეროდან, რის გამოც "პასუხებიც წარმატებული იყო“; ვლინდებოდა დახმარება პასუხის გაცემაში, კანდიდატთა შექება, მის პასუხზე დასტურის ნიშნად თავის დაქნევა და სხვა. ზოგ კანდიდატს "რთულ ტექნიკურ ან ბუნდოვან" შეკითხვებს, რომელიც სცილდებოდა კანდიდატთა სპეციალიზაციის სფეროს და უწევდნენ ოპონირებას, იცინოდნენ პასუხებზე და ამით დისკრედიტაციას უწევდნენ კანდიდატს.

ამ შეფასებას საბჭოს წევრები გასაოცარს უწოდებენ და ამბობენ, რომ ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ "ODIHR-ის მონიტორები კანდიდატებთან გასაუბრების მრავალსაათიან პროცესში გადაიღალნენ და ვერ ახდენდნენ ყურადღების სათანადოდ კონცენტრაციას". 

"გასაოცარია ამგვარი დასკვნების ასახვა ანგარიშში, რადგან ამ დასკვნებს არავითარი ფაქტობრივი საფუძველი გააჩნია. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ODIHR-ის მონიტორები - ანა კაკალაშვილი და მარიამ ადუაშვილი, შეუცვლელად ესწრებოდნენ რა კანდიდატებთან გასაუბრების ბუნებრივად მრავალსაათიან პროცესს, გადაიღალნენ და ყურადღების სათანადო კონცენტრაციასაც ვერ ახდენდნენ, რის გამოც დანახულს და მოსმენილს არაადეკვატურად აღიქვამდნენ. მაგალითად, შეუძლებელია უარყოფითად შეაფასო საბჭოს წევრის მოქმედება - გაამხნევოს კანდიდატი, რომელიც ღელავს გასაუბრებისას და ამისთვის გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი, თუნდაც ის, რომ კანდიდატს უთხრას, რომ კარგად გამოდის გასაუბრებაზე, ანდაც - დააქნიოს თავი, როცა კანდიდატი დასმულ შეკითხვას სწორად პასუხობს.

მონიტორთა დასკვნების წინააღმდეგობრიობაც თვალშისაცემია: მაგალითად, ერთ შემთხვევაში უარყოფითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ კანდიდატს კითხვა ესმება მისი სპეციალიზაციის სფეროდან, ხოლო მეორე შემთხვევაში ასევე უარყოფითად ფასდება ის ფაქტი, რომ კანდიდატს კითხვა ესმება სფეროდან, რომელიც სცილდება კანდიდატის სპეციალიზაციას.

ასევე გაუგებარია დასკვნა კანდიდატებისთვის "რთული ტექნიკური და ბუნდოვანი შეკითხვების“ დასმის შესახებ: ვისთვის იყო ეს შეკითხვები "რთული და ბუნდოვანი“? ალბათ თავად მონიტორებისთვის, რადგან არც ერთ კანდიდატს არ გაუპროტესტებია მისთვის "რთული ტექნიკური და ბუნდოვანი შეკითხვის“ დასმის ფაქტი". 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ კანდიდატების დისკრედიტაციას მხოლოდ არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცდილობდნენ, სხვა წევრებისგან კი მსგავს მცდელობას კატეგორიულად უარყოფენ. 

ისინი ასევე მიუთითებენ, რომ ეუთოს ანგარიშის ერთ-ერთი ნაკლია ის, რომ ჯანეზაშვილის და დოლიძის ქმედებებს მთელ საბჭოზე განაზოგადებენ, რაც დაუშვებელია. მათივე განცხდებით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციით წინასწარ მომზადებულ კითხვებს სვამდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები