შეწყალების საქმე

სამადაშვილი შეწყალებაზე: საპარლამენტო ფორმატში გამოძიების წარმართვა აქტუალური საკითხია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ შეწყალების საქმეზე გამოძიება საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს, რადგან პროკურატურას საზოგადოების თვალში ნდობა არ აქვს. სამადაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა ერთადერთი ადამიანის გადაწყვეტილებით და ეს იყო ბიძინა ივანიშვილი.

"მე მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ფორმატში გამოძიების წარმართვა ყველა შემთხვევაში არის აქტუალური საკითხი და ჩვენთვის ბევრად უფრო სანდო იქნებოდა პროცესი, რომელიც წარიმართება პარლამენტში და არა პროკურატურის მიერ," - ამბობს სამადაშვილი. 

მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საქართელომ წერილობით მიმართა. 

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით გუშინ, 19 სექტემბერს მიმართა. ნადირაშვილის თქმით, სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები