ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

ანაკლიის კონსორციუმი: "მერიდიანი" ერთადერთი პოტენციური ინვესტორი არაა

ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს განცხადებას ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორთან, Meridian Capital Limited-თან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ყაზახური კომპანია არაა ერთადერთი პოტენციური ინვესტორი და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან.

"კონსორციუმი განმარტავს, რომ მერიდიანი არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე. კონსორციუმი ასევე მოლაპარაკებებში იმყოფება მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აგრეთვე წარედგინა საქართველოს მთავრობას, რათა განხილული იქნას, როგორც პოტენციური ინვესტორი ანაკლიის პორტში ინვესტირებისათვის.

კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიაღწიოს ფინანსურ დახურვას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ 15 სექტემბერს თქვა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში "კატასტროფულად ჩაიარა". მოგვიანებით, ხაზარაძემ დაადასტურა, რომ საუბარი იყო Meridian Capital Limited-ზე.

"ჩვენ ორი ინვესტორი გვყავს მზად. ერთი უკვე აქ იმყოფება, სამი დღეა, რომელთანაც ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ახლად არჩეულ [კონსორციუმის] ბორდის წევრებთან ერთად. შეხვედრამ ჩაიარა კატასტროფულად. პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით უთხრა -"ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა." - თქვა ხაზარაძემ.

29 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივა.

ხაზარაძის თქმით, "15 ოქტომბერს უნდა წარდგენილ იქნას კონსორციუმის მხრიდან ინვესტორის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მზად არის, რომ ინვესტიცია ჩადოს. ამავე დროს, უნდა მოხდეს შეთანხმება დამფინანსებელ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის."

ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის კი ყველაზე სადაო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.

 

კომენტარები