სირცხვილია

უგულავა: ჩვენი მთავრობა არა მარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ კუდებითაა გადაბმული

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, გავრილოვის ღამის და შემდგომ განვითარებულმა გავლენებმა დაგვახა, რომ ხელისუფლება რუსეთთან "კუდებითაა გადაბმული."

"ამ მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი მთავრობა ივანიშვილის ჩათვლით არა მარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ უკვე კუდებით არიან გადაბმული. დაგვანახა ის, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად უტიფარია და ნაცვლად გახარიას თანამდებობიდან გაშვებისა, პრემიერად დაგვასვა თავს. დაგვანახა ის, რომ მან გამოაცხადა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა ძალაუფლებისთვის. საქართველოს ისტორიამ დაგვანახა, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იწყებს ბრძოლას არა ხალხის ინტერესებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის, კარგავს ამ ძალაუფლებას."

ეს განცხადება გიგი უგულავამ ოპერის წინ გააკეთა, სადაც ევროპული საქართველოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რათა პარლამენტის წინ შეერთებოდნენ აქციას სირცხვილია.

აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ".

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია"-ს ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქციაზე წარადგენენ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

დღეს 20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

პარლამენტში ამბობენ, რომ ამის მიზანი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა".

კომენტარები