რამზან ახიადოვის ექსტრადირება

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახიადოვზე: ხელისუფლების ნაბიჯი იყო კოლაბორაციონისტული

parliament.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქის რამზან ახიადოვის გადაცემა კოლაბორაციონისტულად და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავ ქმედებად შეაფასა.

ცენტრის შეფასებით, ახიადოვის ექსტრადაციისას საქართველოს ხელისუფლებამ არასწორად შეაფასა და უგულებელყო მის მიმართ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის შესაძლო რისკები, რითიც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ორგანიზაციის განცხადებით, მსგავს პირობებში ექსტრადაციის დაუშვებლობას იმპერატიულად ადგენს.

"ტერორიზმის დანაშაულში ბრალდებული რამზან ახიადოვი წარდგენილ ყველა ბრალდებას უარყოფდა და მის მიმართ არსებულ პოლიტიკურ დევნაზე ამახვილებდა ყურადღებას, ჩეჩნეთის პრეზიდენტის - რამზან კადიროვის ღია კრიტიკის გამო. შესაბამისად, დაკავებული და მისი უფლებადამცველი თავიდანვე უთითებდნენ ექსტრადირების შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის არსებობაზე.

რამზან ახიადოვის ადვოკატმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. დეპარტამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც უცვლელი დატოვა როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. შედეგად, 2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ აღსრულებაში მოიყვანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა და განახორციელა რ. ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ მიგრაციის დეპარტამენტისა და არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მომხდარა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და არსებული რისკების სამართლებრივად სწორად შეფასება.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, რ. ახიადოვის რუსეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, საკუთარ მსჯელობაში განმარტა, რომ ვერ იქნა საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი შეიძლება ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის მსხვერპლი გამხდარიყო. მეტიც, სასამართლო ამ რისკების არარსებობაზე მსჯელობისას რუსეთის გენერალური პროკურორის წერილობით გარანტიას იშველიებს და იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე მიუთითებს, რომელიც რუსეთის ფედერაციას ნაკისრი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებითა თუ კონვენციით.

ამ საკითხზე მსჯელობისას, აღნიშნული მსჯელობა გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები ბოლო ინსტანცია. სწორედ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ახიადოვი დაექვემდებარა რუსეთში ექსტრადაციას.

ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის, ვერც საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებები ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს. იმ ფონზე, როდესაც არაერთი საერთაშორისო თუ რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციები, აშშ-ს დეპარტამენტი და სხვადასხვა მედია საშუალება აქტიურად საუბრობენ რუსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე, პოლიტიკური მოტივით მკვლელობებზე, გაუჩინარებებზე, რუსულ საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე და ა.შ.

აღნიშნულმა უწყებებმა, რამზან ახიადოვის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, არცერთი ზემოაღნიშნული საკითხი არ გაითვალისწინეს და ნდობა გამოუცხადეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებსა და გენერალური პროკურატურის მიერ გამოგზავნილ წერილობით ე.წ. ,,გარანტიას“.

საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მხედველობიდან გამორჩათ ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ აღნიშნული ვალდებულებების აღიარების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული რუსეთის წინააღმდეგ, სადაც დგინდება კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლების დარღვევა.

შესაბამისად, ეს ვალდებულებები აპრიორი ვერ იქნება მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველი და სასამართლოებს ისევე, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ამ საკითხზე მსჯელობისას უნდა ეხელმძღვანელათ ინდივიდუალური ქეისიდან გამომდინარე და მხედველობაში აუცილებლად უნდა მიეღოთ საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ, რამზან ახიადოვის ექსტრადიციის საკითხის განხილვისას უხეშად არის უგულვებელყოფილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები და მისი დაუყოვნებლივი ექსტრადაცია არღვევს ახიადოვის წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან დაცვის აბსოლუტურ უფლებას და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რაც შეიძლება საშიშ პრეცენდენტად ჩამოყალიბდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს - ქ-ონ თეა წულუკიანს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და მოიპოვოს სანდო და დეტალური ინფორმაცია რუსეთის გენერალური პროკურორის წერილობითი გარანტიის აღსრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას.

ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს არ დაუშვან ადამიანის უფლებების ხარჯზე, თუნდაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის წახალისება, რამდენადაც ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ის კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომლიც ფარგლებსაც არ უნდა გაცდეს არცერთი ხელისუფლება სხვადასხვა ქმედების, მათ შორის  სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების განხორციელებისას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, შესაძლებლობის ფარგლებში, გააგრძელებს რამზან ახიადოვის უფლებების დაცვაზე დაკვირვებას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთო სასამართლოებს, რომ მომავალში, მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები" - წერს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი 19 სექტემბერს ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას გადასცა. 

რამზან ახიადოვი საქართველოში 2017 წლიდან ცხოვრობდა. ის 9 თვის წინ, ქუთაისში, მანქანის არასწორი პარკისებისას გააჩერეს. პოლიციამ მაშინ გაარკვია, რომ ახიადოვი ინტერპოლით ძებნილი იყო. მას შემდეგ, ის რუსთავის #6 დაწესებულებაში იმყოფებოდა. რუსეთის ფედერაცია რამზან ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს, თუმცა, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბერს, საგანგებო ბრიფინგზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ გადაეცათ რამზან ახიადოვი რუსეთისათვის, რადგან იქ მას არადამიანური მოპყრობა ელოდა. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება უკვე მოახდინეს.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC კი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ახიადოვის ექსტრადირებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება დაარღვია. 

კომენტარები