ამერიკული მედია საქართველოზე

Free Beacon: აშშ-ს ივანიშვილზე აქვს ბერკეტი, ის ქონების დიდ ნაწილს დასავლეთში ინახავს

telegraph.co.uk/

ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთისადმი და მომავალი საპარლამენტო არჩევნები Bloomberg-ის შემდეგ, კიდევ ერთი ამერიკული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. 

გამოცემამ The Washington Free Beacon საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ქართული ოცნების კრიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული რიგი ნაბიჯები, შესაძლოა, რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდეს და მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლა მოჰყავს. 

"ქვეყანა დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ უფრო მეტად მოექცეს რუსეთის გავლენის სფეროში - ამ საფრთხის წინაშე არამხოლოდ საქართველო და რეგიონი დგას, არამედ შეერთებული შტატებიც," - წერს ავტორი არონ კლიგმანი, რომელიც გამოცემის ახალი ამბების რედაქტორია. 

სტატიაში ვრცლად არის აღწერილი შავი ზღვის როლი როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკისთვისაც. სტატიის ავტორი ციტირებს ბენ ჰოჯესს, რომელიც ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური იყო. ჰოჯესი მიიჩნევს, რომ შავი ზღვა რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლების გავრცელების მთავარი იარაღია და რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია შავ ზღვაში რუსეთის გავლენის შეკავება. ამ მხრივ, ჰოჯესი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. 

"იმ ფონზე, რომ თურქეთს ფლირტი აქვს რუსეთთან, საქართველო შავ ზღვაში აშშ-ის ინტერესებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამას დავუმატოთ ის, რომ საქართველო ნამდვილი დემოკრატიაა რეგულარული არჩევნებით და შეერთებულ შტატებს აქვს როგორც მორალური, ისე სტრატეგიული მიზეზები იმისათვის, რომ აწუხებდეს საქართველოს რუსეთისკენ სვლა,"- წერს სტატიის ავტორი. 

სტატიის ავტორი წერს, რომ მიუხედავად საგარეო გამოწვევებისა, საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ ქვეყნის შიგნით აქვს. 

"ქართული ოცნება პარლამენტში დომინირებს, თუმცა პროდასავლური ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში კარგ შედეგს აჩვენებს. თუმცა, ამ გზაზე ოპოზიცია სირთულეებს აწყდება. ქართულ ოცნებას საგრძნობლად მეტი ფული აქვს და ის რუსეთთან ომის საფრთხეს იყენებს იმისთვის, რომ დააფრთხოს ამომრჩეველი, რათა მათ არ აირჩიონ უფრო რადიკალური ოპოზიცია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ოპოზიციის ზოგიერთ წევრს ეშინია, რომ მმართველი პარტია ხმებს იყიდის ან ძალადობით შეეცდება, დააშინოს ქართველი ამომრჩეველი - ისინი ქართულ ოცნებას ამაში აქამდეც ადანაშაულებდნენ,"- წერია სტატიაში. 

Bloomberg-ის მსგავსად, Free Beacon-იც მიიჩნევს, რომ საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული გზით ჩასატარებლად აშშ-მ უნდა აამოქმედოს ბიძინა ივანიშვილზე მის ხელთ არსებული ბერკეტი. კერძოდ, ფაქტი, რომ ივანიშვილი თავისი აქტივების დიდ ნაწილს სწორედ დასავლეთში ინახავს. 

"ქართული დემოკრატიის დასაცავად შეერთებული შტატების როლი, შესაძლოა, იყოს იმ ფაქტის გამოყენება, რომ ივანიშვილი თავისი ფულის დიდ ნაწილს დასავლეთში ინახავს. ამგვარად, დასავლეთს აქვს ბერკეტი, რითიც აიძულებს მილიარდერს გადაააზრებინოს მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი. 

ვაშინგტონი უფრო ახლოდან უნდა დააკვირდეს პროცესს," - წერია სტატიაში. 

კომენტარები