ქართული ოცნება

ხულორდავა: დევიდ კრამერის სტატია თავისი რაღაც პერსონალური წყენით არის დაწერილი

თამარ ხულორდავა | დევიდ კრამერი
gnh/RFERL

ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დეივიდ კრამერის, Washington Post-ში გამოქვეყნებული წერილი სათაურით "საქართველოში დასავლეთის მეგობრები უცბად კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ" პირადი წყენითაა განპირობებული.

"დევიდ კრამერის სტატიას რაც შეეხება, ის, ვფიქრობ, რომ თავის რაღაც პერსონალური, ასე ვთქვათ, წყენიდან არის დაწერილი, ჩემი აზრით და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა, რათქმაუნდა, გრძელდება. ანუ, ჩვენ თანამშრომლობას აქვს მომავალი," - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა Washington Post-ში გამოაქვეყნა წერილი სათაურით "საქართველოში დასავლეთის მეგობრები უცბად კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ", სადაც იხსენებს თბილისის კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს და საუბრობს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე.

"ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, გიორგი გახარიას, ახალ პრემიერს კი ღრმა ფესვები აქვს იქ. ეს შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს იმის ასახსნელად, რატომ მომართეს ბრაზი ჩემზე, ჯონ მაკკეინსა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სხვა მხარდამჭერებზე პროსახელისუფლებო მედიამ და პოლიტიკოსებმა, როგორიცაა ირმა ინაშვილი, პრორუსული პარტიის ლიდერი, რომელიც კამერების თანხლებით კონფერენციაზე შემოიჭრა იმ სესიაზე, მე რომ მიმყავდა," - წერს დევიდ კრამერი.

კრამერის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მაპოლარიზებელი ფიგურა, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერის პოსტზე დააწინაურა, პარალელურად კი გაიზარდა წნეხი ხელისუფლების ოპონენტებსა და ისეთ ორგანიზაციებზე, ვინც აცდენილია სახელისუფლებო ხაზს.

10 სექტემბერს, როცა დევიდ კრამერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის შესახებ მიჰყავდა პანელი, მისი ჩაშლა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სცადა.

15 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა აქცია გამართა აშშ-ის საელჩოსთან, რომლის ფოკუსშიც სწორედ ამერიკელი დიპლომატები, მათ შორის დევიდ კრამერი, აღმოჩნდნენ.

კომენტარები