თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ვოლკერი IMEDI-ის სიუჟეტზე: ეს ცხადყოფს იმ გამოწვევებს, რაც რუსული პროპაგანდიდან მომდინარეობს

ამერიკის ხმა

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა, თბილისში 9-10 სექტემბერს გამართული კონფერენცია შეაჯამა. ვოლკერმა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატ ირმა ინაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტსა და ღონისძიების ირგვლივ გავრცელებულ ფეიკ ნიუსებზეც ისაუბრა, მათ შორის ტვ იმედის მიერ გავრცელებულ სიუჟეტზეც. 

მაკკეინის ინსტიტუტის Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ვოლკერი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ში ორპარტიული შეთანხმებაა და ეს მთავრობასა და კონგრესს შორის კამათის საგანი არ არის. 

"საქართველოს ორივე პარტიის ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ისინი, ასევე, მხარს უჭერენ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასაც,"- ამბობს ვოლკერი.

ვოლკერისვე თქმით, ერთერთი მთავარი საკითხი, რის წინ წამოწევასაც მაკკეინის ინსტიტუტი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობს, ეს პოლიტიკურ დისკურსში ცივილურობის საჭიროებაა. მისი თქმით, ეს ისეთივე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორიც საქართველოსთვის. 

"ამ კონფერენციას 7 000 ადამიანამდე ესწრებოდა და სპიკერები წარმოადგენდნენ განსხვავებულ პოლიტიკურ მოსაზრებებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციის და ა.შ. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია,"- ამბობს კურტ ვოლკერი. 

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი შემაშფოთებელს უწოდებს ირმა ინაშვილის მცდელობას, ჩაეშალა კონფერენციის მსვლელობა. 

"ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია, რომ ამ ჟურნალისტთან [რომელიც ინაშვილმა შემოიყვანა] გაწევ-გამოწევის შედეგად ჩვენი ადგილობრივი პარტნიორი ნინო ევგენიძე ფიზიკურად დაშავდა. ძალიან მიუღებელია, როცა ასეთ ფიზიკურ ზეწოლას ხედავ. მას შემდეგ, რაც ეს ინდივიდი კონფერენციიდან გააძევეს, რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრს კონფერენციაზე შემოსვლის უფლება მიეცა და მან კონფერენციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვა და შეკითხვის დასმა შეძლო, როგორც ეს ნორმალურ და ცივილიზებულ საკონფერენციო გარემოს შეეფერება," - ამბობს ვოლკერი. 

ვოლკერი ასევე ტვ იმედის მიერ გაკეთებულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა, სახელწოდებით "ანტიტრამპისტების პოლიტიკა", რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინსა და მისი სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებს ეძღვნებოდა. 

"იმედგამაცრუებელია, თუმცა არა გასაკვირი, რომ ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აძლიერებს, მოგვიანებით ფეიკ ნიუსების თავდასხმის სამიზნე გახდა, რომელიც მთავარი ქართული ტელეარხიდან გაჟღერდა. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას და რომელიც რუსული აგრესიიდან და რუსული პროპაგანდიდან მომდინარეობს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევძელით თავი მოვეყარა საქართველოს ამდენი მხარდამჭერისთვის ყველა პოლიტიკური სპექტრიდან და ყველა პოლიტიკური მსოფლმხედველობიდან,"- თქვა ვოლკერმა. 

სიუჟეტი, რომელზეც კურტ ვოლკერი საუბრობს, ტვ იმედის ეთერში 15 სექტემბერს გავიდა. ის თბილისში გამართულ კონფერენციაზე მომხდარ არეულობას ეძღვნებოდა. მოგვიანებით სიუჟეტს არაერთი გამოხმაურება იყო, მათ შორის იყო მედიაჩეკერის შეფასებაც: 

"გადაცემის წამყვანი, ისევე როგორც სიუჟეტის ავტორი, თითქმის 9 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მაყურებელი დაერწმუნებინათ, რომ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები პირდაპირ ასოცირდებიან ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" და "მაკკეინის ინსტიტუტის" წარმომადგენლების უარყოფით გავლენებზე უყვებოდნენ საზოგადოებას,"- წერს მედიაჩეკერი. 

"თბილისის საერთაშორისო კონფერენცია" 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - "მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - 9-10 სექტემბერს გაიმართა.

მონაწილეთა შორის იყვნენ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

კომენტარები