შსს

შსს: მაღაზია ზუმერის გაქურდვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული 2 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ მაღაზია "ზუმერის" ჯგუფურად გაქურდვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული ორი პირი დააკავა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გ.ჭ. და თ.გ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია "ზუმერში" უკანონოდ შევიდნენ, საიდანაც წაიღეს მობილური ტელეფონები, სხვადასხვა სახის აქსესუარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ მოპარული და თბილისში მდებარე ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში დამალული ტელეფონების ყუთები და მათში არსებული აქსესუარები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით და ასევე მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე. 

კომენტარები