ტოჩინოშინი

ტოჩინოშინი ოძეკი აღარ არის

ქართველო სუმოტორი, ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი ოძეკი აღარ არის. 

სექტემბრის, აკი ბაშოს ის უარყოფითი ბალანსით ასრულებს - მე-8 ბრძოლა ტოჩინოშინმა 21 სექტემბერს, მიოგირიუსთან დათმო.

ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად კი მას 15-დან სულ მცირე 8 ბრძოლაში გამარჯვება სჭირდებოდა. 

"ძალიან ვწუხვარ. სამწუხაროა, რადგან ბევრი ვიშრომე, მაგრამ საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღე. მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო, მარტივად ვერ ვმოძრაობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოძეკის წოდება დავიბრუნო. მგონია, რომ ღმერთი მეორე შანსს მომცემს" - თქვა ლევან გორგაძემ. 

ივლისის, ანუ ნაგოია ბაშო ტოჩინოშინმა მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა და მის ტიტულსაც საფრთხე სწორედ ამის გამო დაემუქრა. 

ლევან გორგაძემ, რომელმაც იმპერატორის თასი ერთხელ, 2018 წლის იანვარში მოიპოვა, რამდენიმე თვეში კი ოძეკიც გახდა, ეს ტიტული უკვე მეორედ დაკარგა. წინა შემთხვევაშიც მიზეზი ფეხის მძიმე ტრავმა იყო. 

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო, ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინი ტრავმების მოშუშებას შეძლებს და 15-დან 10 ბრძოლას მოიგებს, ოძეკობას დაიბრუნებს. 

კომენტარები