ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში მომიტინგეები სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ჰონგ-კონგში მომიტინგეები სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ და იმ ბიზნესების ჩეკები გამოფინეს, რომლებიც მათი აზრით ჩინეთის მთავრობას უჭერენ მხარს.

მათ ვიდეო კამერები და ბილეთების ჯიხურები დააზიანეს.

სავაჭრო ცენტრის გარეთ მათ ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს და პოლიციას ქვები ესროლეს.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გარდა ამისა, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა მატარებლის სადგურზეც, რომელიც ქალაქს აეროპორტთან აკავშირებს. სადგური საპროტესტო მსვლელობის გამო დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ ახლოვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70 წლისთავი. ჰონგ-კონგის მთავრობამ ამის აღსანიშნავად პირველ ოქტომბერს დაგეგმილი ფეიერვერკების შოუ გააუქმა.

მე-4 თვეა, რაც ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიულ აქციებზე მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა. ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ. კანონპროექტის განხილვა ივნისში საპროტესტო აქციების შედეგად შეჩერდა, თუმცა მომიტინგეები მის სრულ გაწვევას ითხოვდნენ. 

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები