ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი მოჭიდავეებს ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას ულოცავს

ზურაბ დათუნაშვილი

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოეტივებინა, ყაზახეთში გამართულ ტურნირს გამოეხმაურა. 

დათუნაშვილმა თანაგუნდელებს მედლების და ოლიმპიური ლიცენზიის აღება მოულოცა. 

"ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას.

მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა.

მადლობა ყელას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით", - დაწერა დათუნაშვილმა. 

2019 წლის 11 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგეშიძეს ხელში ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს.

თავად გეგა გეგეშიძემ დარტყმის ფაქტი უარყო. 22 იანვარს ის დააკავეს, თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე გეგა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, თუმცა, მოჭიდავემ მოთხოვნა - გეგეშიძის გადადგომა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან უცვლელი დატოვა. 

თუმცა, გეგეშიძე კვლავ ფედერაციის პრეზიდენტია, ზურაბ დათუნაშვილს კი ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება არ მიეცა.

კომენტარები