ისრაელი

ისრაელის არაბული პარტიები მხარს ბენი განცს უჭერენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ / ბენი განცი

ისრაელის ერთობლივი სიის ალიანსმა, რომელშიც ძირითადად არაბებისაგან შემდგარი პოლიტიკური პარტიები შედიან მხარი ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარ ოპონენტს, ბენი განცს დაუჭირა.

"ჩვენ გვსურს, რომ დასრულდეს ნეთანიაჰუს ერა და ამიტომ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ შემდეგი მთავრობა ბენი განცმა ჩამოაყალიბოს." ნათქვამია მათ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებში ალიანსი მხარს არცერთ კანდიდატს არ უჭერდა, უკანასკნელი არჩევნების შედეგად უმრავლესობის მოპოვება და კოალიციის შექმნა ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო.

არაბული პარტიების მხარდაჭერის შედეგად პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა შესაძლოა ბენი განცს სთხოვოს მთავრობის ჩამოყალიბება.

რივლინმა პარტიებთან შეხვედრა უკვე გამართა და მათთან განცის და ნეთანიაჰუს ძალების ერთობლივ კოალიციაზე ისაუბრა, თუმცა ნათელი არ იყო ვინ იქნებოდა კოალიციის უფროსი პარტნიორი.

არაბული პარტიები ისრაელის მთავრობის წევრები არასდროს ყოფილან. ამ არჩევნებზე მათ ქნესეთში 13 ადგილი მოიპოვეს რაც მათ პარლამენტში მესამე ყველაზე მსხვილ ჯგუფად აქცევს. მათი მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი განცის კოალიციის წევრები იქნებიან, თუმცა მათი მხარდაჭერა განცის მემარცხენე-ცენტრისტულ ბლოკს 57 ხმას აძლევს, ნეთანიაჰუს კი მხოლოდ 55 აქვს.

ნეთანიაჰუმ არაბული პარტიების მხრიდან განცის მხარდაჭერა დაგმო და თქვა, რომ ეს მხოლოდ ორ რამეს ნიშნავს: უმცირესობის მთავრობას, რომლებიც უარყოფენ ისრაელს, როგორ ებრაულ, დემოკრატიულ ქვეყანას, ან ფართო ეროვნულ მთავრობას.

ნეთანიაჰუმ არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მოუწოდა განცს ერთობლივი მთავრობა შეექმნათ. განცი მის შეთავაზებას ამ დრომდე უარყოფს და მიზეზად ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებს ასახელებს.

ორივე მათგანი ცდილობს პოტენციური პარტნიორის მოძებნასაც. მათგან ყველაზე მნიშვნელოვან ძალას ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის პარტია წარმოადგენს, თუმცა ნეთანიაჰუმ ლიბერმანთან კოალიციის შექმნა აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ვერ შეძლო და განმეორებითი არჩევნები სწორედ ამის შემდეგ დანიშნა. ამჟამად ლიბერმანი მხარს უჭერს საერთო მთავრობის შექმნას და ამბობს, რომ რეკომენდაციას არც ნეთანიაჰუს და არც განცს გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ თუ მას ხელახლა აირჩევენ დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას გეგმავს.

"დღეს ვაცხადებს ჩემს გეგმას, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ისრაელის სუვერენიტეტის იორდანეს ხეობაზე და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით გავრცელების თაობაზე." თქვა მან.

ნეთანიაჰუს გეგმა დასავლეთ სანაპიროს 1/3-ის დაკავებას გულისხმობს. სიტყვით გამოსვლისას მან წარმოადგინა რუკა, რომელზეც ისრაელის ტერიტორია მდინარე იორდანეს ხეობის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება და გარს ერტყმის დასავლეთს სანაპიროს ისე, რომ მას იორდანიასთან საზღვარი აღარ აქვს. ქალაქი იერიქონი და მიმდებარე სოფლები ანკლავის სახითაა წარმოდგენილი.

"ეს რუკა განსაზღვრავს ჩვენს დასავლეთ საზღვარს. ჩვენ ასეთი შესაძლებლობა ექვსდღიანი ომის შემდეგ არ გვქონია და შესაძლოა აღარ გვქონდეს კიდევ 50 წელი."

მან ასევე თქვა, რომ ამის გაკეთებას დონალდ ტრამპთან მაქსიმალური კოორდინაციით გეგმავს. ბენი განცმა კი თქვა, რომ ნეთანიაჰუმ მისი იდეა მოიპარა.

კომენტარები