პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 23 სექტემბერს იწყება

პრეზიდენტის პრესსამსახური

აშშ-ში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა 25 სექტემბერს იგეგმება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დელეგაციას გაეროში სწორედ პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და პარლამენტის დეპუტატები შედიან.

"გაეროს ფორმატში- უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე რამდენიმე სამიტი გაიმართება, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა.

პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კახა იმნაძის განცხადებით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება,"- წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ინფორმაცია, რომ გაეროს ასამბლეაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდოდა, ივლისში მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ასამბლეა 17 სექტემბერს გაიხსნა და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

კომენტარები