შეწყალების საქმე

ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში მივიდა, მას შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხავენ

ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ნადირაშვილს საგამოძიებო უწყებაში პრეზიდენტის შეწყალებების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

ნადირაშვილი ამბობს, რომ ერთი თვის შემდეგ პარტია, ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე პროკურატურისგან შუალედურ ანგარიშს მოითხოვს, ხოლო თუ ვერ მიიღებენ, დღის წესრიგში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას დააყენებენ. 

"დამატებითი ინფორმაცია, მე არ მაქვს. ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც მოგვიყვა გარემოებებზე, როგორ ერევა ბატონი დიმიტრი გაბუნია, არაუფლებამოსილი პირი, შეწყალებების საკითხებში. შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. რაც შეეხება ჩემს წყაროს, მე შევეცდები არ მივაწოდო ისეთი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს ადამიანი თავად შეიძლება გახდეს სამართალდამცავებისგან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც ეს არნახული შეწყალებები განახორციელეს," - თქვა ნადირაშვილმა. 

ნადირაშვილი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ წყარომ პირდაპი თქვა, რომ "ასეთი ტიპის შეწყალებებით გაბუნია ფულს აკეთებს და ეს არის მისი ბიზნესი. წყაროს პირადი გამოცდილებით ჰქონდა ასეთი ინფორმაცია."

მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საქართელომ წერილობით მიმართა. 

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით გუშინ, 19 სექტემბერს მიმართა. ნადირაშვილის თქმით, სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები