დონალდ ტრამპი

ტრამპმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან საუბარში ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის საკითხი განიხილა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი / ჯო ბაიდენი ფოტო: CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის საკითხი წამოაყენა.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 25 ივლისს ზელენსკისთან საუბარში ნახსენები იყო კორუფცია და რომ არ სურთ "ჩვენი ხალხი, როგორიცაა ვიცე-პეზიდენტი ბაიდენი და მისი შვილი ამძაფრებდნენ უკვე არსებულ კორუფციას უკრაინაში."

თუმცა, ტრამპს მიაჩნია, რომ ამ საუბარში არასწორი არაფერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპა წამოაყენა სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელება, მის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ლიდერებთან პირადი საუბრების გასაჯაროება მიუღებელია.

უკრაინის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტში კი წერია: 

"ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ახალი მთავრობა უკრაინის იმიჯს სწრაფად გააუმჯობესებს და ბოლომდე მიიყვანს იმ კორუფციული გარიგებების გამოძიებას, რაც უკრაინასა და აშშ-ის ურთიერთობას ხელს უშლიდა".

დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის უკრაინას აიძულებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაეწყო. დემოკრატულ პარტიაში მის იმპიჩმენტზე დაიწყეს საუბარი.

გასულ კვირას ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადაზვერვო უწყებაში მომუშავე პირმა საჩივარი დაწერა ტრამპის ქცევის გამო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერს არაკეთილსინდისიერი დაპირება მისცა.

ტრამპის ადმინისტრაციამ საჩივრის კონგრესისათვის გადაცემა დაბლოკა.

The Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა მის ადვოკატთან, რუდი ჯულიანისთან ერთად ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე ემუშავა, თუმცა სანაცვლოდ არაფერი შეუთავაზებია.

CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 25 ივლისის სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპს ზელენსკისთან არ განუხილავს მიმდინარე დახმარების პაკეტი, რაც გამოცემისვე ცნობით, იმას მიანიშნებს, რომ ტრამპის მხრიდან ღია კორუფციულ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია.

ჰანტერ ბაიდენი უკრაინული ბუნებრივი აირის კომპაია Burisma-ს დირექტორი 2014 წელს გახდა, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 2016 წელს ჯო ბაიდენმა ხელი შეუწყო უკრაინის მთავრობას მიერ მთავარი პროკურორის გათავისუფლებას, რომელიც Burisma-ს მფლობელი ოლიგარქის საქმეს იძიებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მის გათავისუფლებას მხარს სხვა დასავლური ქვეყნებიც უჭერდნენ, ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბაიდენმა ეს მისი შვილის დასაცავად გააკეთა.

მიმდინარე წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ჯო და ჰანტერ ბაიდენების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად ჯო ბაიდენი 20 სექტემბერს გამოეხმაურა. ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპმა სასწრაფოდ უნდა გამოაქვეყნოს სატელეფონო ჩანაწერი, რათა ამერიკელმა ხალხმა თავად განსაჯოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები