აშშ-საქართველო

თომას მელია: ელჩად ბრიჯიტ ბრინკის არდამტკიცებით საქართველოს მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა

"საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა არ დაამტკიცა" - ასეთია PEN America-ს დირექტორის, თომას მელიას, პოზიცია. 

ევროპასა და ევრაზიაში USAID-ის ხელმძღვანელის ყოფილ თანაშემწეს ტელეკომპანია "მთავარი" ესაუბრა. 

"ის [ბრიჯიტ ბრინკი] იქნებოდა საუკეთესო წარმომადგენელი, რადგან კარგად იცნობს ქვეყანას. ასევე, ის იქნებოდა საქართველოსთვის კარგი ადვოკატი შეერთებულ შტატებში და ამერიკის ინტერესებისთვისაც საუკეთესო ადვოკატი საქართველოში" - ამბობს მელია. ტაბულა ტელეკომპანია "მთავარის" თარგმანს ეყრდნობა. 

გასული წლის დეკემბერში რამდენიმე მედიამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების გუნდმა საქართველოში ამერიკის ელჩის დანიშვნის პროცესი შეაყოვნა, რაც ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვაში გამოიხატებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ბრალდებებს უარყოფდნენ და სპეკულაციებს უწოდებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებს. აშშ-ს თბილისში სრულუფლებიანი წარმომადგენელი მას შემდეგ არ ჰყავს, რაც 2018 წლის მარტის ბოლოს ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

4 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საქართველოში ელჩის თანამდებობა კელი დეგნანი წარადგინა. მის კანდიდატურას ახლა სენატზე უნდა ეყაროს კენჭი. 

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, რომლის განმავლობაშიც ის მუშაობდა, როგორც ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, ისე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ამასთან, დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელიც იყო. 

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი სახელმწიფო მდივნის თანაშემწედაც მუშაობდა პოლიტიკურ საკითხებში.

კომენტარები