გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ალანია: აბორტის შესახებ არჩევანი ეკუთვნის ქალს, ეს უფლება მას არ უნდა შეეზღუდოს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, თამარ ალანიას თქმით, აბორტი ქალის უფლებაა და ეს უფლება მას არ უნდა შეეზღუდოს. 

ამაზე კითხვა მას ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა დაუსვა. 

"აბორტის შესახებ არჩევანი, ცხადია, ეკუთვნის ქალს. ვერც ერთი სხვა სუბიექტი აბორტის გაკეთების მოთხოვნით ვერ მიმართავს სასამართლოს. მე ვფიქრობ, ეს უფლება მას არ უნდა შეეზღუდოს, იმიტომ რომ არჩევანი, იყოლიოს შვილი, გაუძღვეს ამ ტვირთს, ეს არის უშუალოდ ქალის გადასაწყვეტი. ცხადია, როცა ხდება ოჯახის დაგეგმვა და ოჯახთან მიმართებაში საუბარი, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გაეროს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მათი ანგარიშები, რომლებიც მოიცავს ოჯახის დაგეგმვას, საზოგადოების ინფორმირებას და ქალის და ნაყოფის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 

რაც შეეხება ქალის არჩევანს, როცა ქალი არის ფეხმძიმედ, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მაგრამ არის კიდევ საკითხი, რომელიც უკავშირდება სუროგაციას და ემბრიონის უფლებას. ესეც ძალიან საინტერესო საკითხია, რომელზეც შეიძლება კიდევ ვიმსჯელოთ", - თქვა ალანიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 

დღესვე ალანიამ ასევე ქართული ოცნების დეპუტატის, აკაკი ზოიძის კითხვის პასუხად თქვა, რომ აბორტის მიმართ მისი დამოკიდებულება მის ცხოვრებაზე აისახება - "სამი შვილის დედა ვარ". 

საქართველოს კანონმდებლობით, აბორტი 12 კვირის ჩათვლით დასაშვებია.  

კომენტარები