სამუშაო საათები

ბრიტანელ ლეიბორისტებს ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღება სურთ

0 კომენტარი
ჯონ მაკდონელი ფოტო: PA photos

გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის კონფერენციაზე მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩრდილოვანმა ფინანსთა მინისტრმა ჯონ მაკდონელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარტია სამუშაო კვირას 32 საათამდე შეამცირებს.

მაკდონელის თქმით, მომდევნო ლეიბორისტული მთავრობა დაპირებას შემდეგ დეკადაში შეასრულებს.

"რამდენადაც საზოგადოება გამდიდრდა, სამსახურში ნაკლები საათის გატარება შეგვიძლია. უკანასკნელ დეკადებში პროგრესი შეფერხდა. ჩვენს ქვეყანაში ხალხი უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. 1980-იანების შემდეგ გაწყდა კავშირი გაზრდილ პროდუქტიულობასა და თავისუფალი დროის მატებას შორის. ამის გამოსწორების დროა," - უთხრა მან ბრაიტონში შეკრებილ პარტიის წევრებს.

ჯონ მაკდონელი ამბობს, რომ სამუშაო დრო დასაქმებულების შემოსავლის კლების გარეშე შემცირდება.

ამჟამად, გაერთიანებულ სამეფოში საშუალო სამუშაო დრო 42.5 საათია. ევროკავშირში კვირაში საშუალოდ 41.2 საათს მუშაობენ.

ლეიბორისტების ამჟამინდელი ლიდერი ჯერემი კორბინი და მისი მარჯვენა ხელი, ჯონ მაკდონელი, პარტიის ყველაზე მემარცხენე მმართველებად ითვლებიან 80-იანი წლების შემდეგ, რის გამოც ხშირად ხდებიან ლეიბორისტების ზომიერი ფრთის კრიტიკის ობიექტები.

70 წლის კორბინი და 68 წლის მაკდონელი, სანამ 2015 წელს ლეიბორისტების სათავეში მოვიდოდნენ, პარტიაში მემარცხენე აუტსაიდერებად ითვლებოდნენ და ლეიბორისტების ხელისუფლებაში ყოფნისას მინისტრის თანამდებობა არასდროს დაუკავებიათ.

კორბინისა და მაკდონელის მიზანი ბრიტანული ეკონომიკის გარდაქმნა და მარგარეტ ტეტჩერის დროს გატარებული ლიბერალური რეფორმების შემობრუნებაა. მათ დაპირებებს შორისაა აგრეთვე რკინიგზისა და ფოსტის, ისევე, როგორც წყლისა და ენერგომიმწოდებელი კომპანიების ხელახალი ნაციონალიზაცია.

გარდა ამისა, პარტიას სურს, კომპანიები დაავალდებულოს, აქციების მინიმუმ 10% დასაქმებულებს გადასცენ. Financial Times-ის დათვლით, ამ დაპირების ასრულება ბრიტანეთის ეკონომიკას 300 მილიარდი ფუნტი დაუჯდება.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ლეიბორისტები ამჟამად მმართველ კონსერვატიულ პარტიას ჩამორჩებიან და ლიბერალ-დემოკრატების მზარდ მხარდაჭერასთანაც უწევთ გამკლავება.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში 2022 წლამდე უნდა გაიმართოს. ლეიბორისტები გასული თვეების მანძილზე ითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ბრექსიტის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე.

ამისდა მიუხედავად, მათ არ დაუჭირეს მხარი ახალი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ინიციატივას, ჩატარებულიყო არჩევნები 31 ოქტომბრამდე, ანუ, იმ ვადამდე, როცა კანონის მიხედვით ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები