გაეროს 74-ე ასამბლეა

ზურაბიშვილი ნიუ-იორკში უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

Twitter/Salome Zourabichvili

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.

"არავინ დატოვო მიღმა - ეს ჩვენი საერთო მიზანია," - 23 სექტემბერს პრეზიდენტი უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა:

"2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევა შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც არის შესაძლებელი. ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და რესურსების ეფექტური მობილიზებით საქართველოს მოსახლეობის 90% ჯანდაცვის აუცილებელ სერვისებზე წვდომა უკვე აქვს".

ზურაბიშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერების აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, ჯიბიდან გადასახადები 25%-ით შეამცირა და ასევე შემცირდა გაღატაკების რისკებიც.

"უნივერსალურობის კიდევ ერთი დიდებული მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც დაიწყო 2015 წელს საქართველოს მთავრობამ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, "გილეად საიენსის", WHO-სა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. ქვეყნის მასშტაბით ეს ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პირველ პრეცენდენტს შექმნის," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ქრონიკული და არაგადამდები დაავადებები კვლავ დიდ ტვირთს წარმოადგენს და საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს საიმისოდ, რომ პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაზარდოს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს:

"როდესაც ვამბობ თანაბარს, მე ვფიქრობ ჩემს მოქალაქეებზე, რომელთაც უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სერვისებით ყველაზე დონეზე, რადგან იგი აღარ არის მხოლოდ მდიდრების პრივილეგია. საყოველთაო ჯანდაცვამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველა ფუნდამენტური უფლება - ჯანმრთელობის უფლება".

სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებზეც ისაუბრა - "ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს".

"ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულებიინოვაციურები, გამოვიყენოთ ელექტრონული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობები," - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი ჯანმრთელობაზე, გარემოსა და თანასწორობაზე ახალ მიდგომას მოითხოვდა.

"საქარველოს მთავრობა და პირადად მე ამ გზის ერთგულნი ვრჩებით, რადგან ეს არის ის მემკვიდრეობა რისი დატოვებაც გვინდა თაობებისთვის. ჯანმრთელობა არის პოლიტიკური არჩევანი და ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები