გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

გაბინაშვილი: მედიის თავისუფლებას და სასამართლოს ღირსებას შორის დელიკატური ბალანსი უნდა იყოს

მერაბ გაბინაშვილი
პარლამენტი

უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მერაბ გაბინაშვილის თქმით, გამოხატვის თავისუფლებას და სასამართლოს ღირსებას შორის დელიკატური ბალანსი უნდა გაივლოს. 

მერაბ გაბინაშვილს, რომელიც ერთ-ერთია იმ 20 კანდიდატიდან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსმენენ. 

სოფო კილაძის კითხვის პასუხად გაბინაშილმა თქვა: 

"გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გახლავთ, ეს აღიარებულია და მე ვერ წარმომიდგენია სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულ განვითარებაზე, ამ უფლების დაცვის გარეშე. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ უფლება დაცულია და ადამიანს აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თუმცა, იქვე აღიარებულია, რომ ეს უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე, ის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. 

პირდაპირ მითითებულია, რომ სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, ადამიანის ჯანმრთელობის და მორალის დასაცავად და ბოლო მინიშნება არის ასეთი - სასამართლოს მორალის და მიუკერძოებლობის დასაცავად". 

კილაძემ მას დამატებით ჰკითხა, რას იტყოდა ისეთ შემთხვევაზე, როცა მედიის თავისუფლების საპირწონედ დგას პატივი და ღირსება და რომლის სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს. 

გაბინაშვილმა უპასუხა: 

"ღირსება ყველა უფრო აღმატებული ცნებაა, თუკი საერთოდ რამე ცნება არსებობს. ღირსება შეიძლება იყოს პირადიც და საზოგადოებრივიც, ღირსება დაბადებიდან დაჰყვება ადამიანს. ახალდაბადებული ადამიანსაც კი აქვს ღირსება და უკანასკნელი დამნაშავის ღირსებაც ბოლომდე უნდა იყოს თავისუფლება. მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, აქ ინფორმაციის გადაცემის სტანდარტებთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, მედია ასრულებს თავის ფუნქციას, უნდა გადასცეს ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ ევროპული სასამართლოს პრეცედენტები დასაშვები კომენტარის სტანდარტს აწესებს და ამბობს, რომ ინფორმაციის გადაცემამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას სხვა ღირებულების დარღვევას, როგორიცააა სასამართლოს ავტორიტეტი, სხვისი ღირსება. აქ დელიკატური ბალანსი უნდა იქნას გავლებული გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას შორის. 

მე თმენის ძალიან მაღალი ვალდებულება მაქვს და ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს თმენის მაღალი ვალდებულება. თუ ჩემს ღირსებას პირადად შეეხებიან, ღირსების დაცვის უფლება მაქვს, მაგრამ მე მგონია, მოსამართლის შეფასება, რასაც ხშირ შემთხვევაში არცთუ სასიამოვნო ფორმებით აკეთებს მედია, იმ შემთხვევაში თუ ის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, დასათმენია, იმიტომ რომ საჯარო მოხელე ვარ. ეს გამოხატულება თუ არ სცილდება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარს, ჩემი ღირსების შელახვას, რა თქმა უნდა, ეს დასათმენია". 

კომენტარები