მეშახტეების გაფიცვა

ეკონომიკის სამინისტრო: მოვუწოდებთ საქნახშირს, აუნაზღაუროს დავალიანება დასაქმებულებს

0 კომენტარი
ფოტო: კომერსანტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კომპანია საქნახშირს დასაქმებულების დავალიანების ანაზღაურების, შრომითი უფლებებისა და მუშების ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდებს.

ტყიბულში 30-მდე გაფიცული მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს ამბობს მანამ, სანამ კუთვნილ ხელფასს არ მიიღებენ და ინფორმაციას არ მიაწვდიან იმაზე, თუ როდის აღდგება ნახშირმოპოვებითი პროცესი.

"მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

ამასთან, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.

კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე." - ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" ინფორმაციით, მეშახტეებს ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანია ვერ ამბობს, თუ როდის დაურიცხავენ მათ ხელფასებს. 

"საქნახშირის" თქმით, ამ დროისთვის კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს.

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისიდან ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის, ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში მხოლოდ სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხორციელდება.   

ნახშირმოპოვებითი სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო 2018 წლის 16 ივლისს ჭერი ჩამოიშალა. ჩამოშლის შედეგად ოთხი ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა. 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი 2018 წლის აპრილშიც დაიღუპა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები