გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ფოფხაძე გაბინაშვილს: თქვენმა პოზიციებმა ბოლო მოუღო სააკაშვილს, დაასრულებს "ოცნებასაც"

გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს უთხრა, რომ მისმა გადაწყვეტილებებმა ბოლო მოუღო წინა ხელისუფლებს და მისი მხარდაჭერა დაასრულებს ქართულ ოცნებასაც. 

"ჩემთვისაც ბევრი რამეა მიუღებელი, ბატონო მერაბ, თქვენს საუბარში, კონტექსტსა და ბიოგრაფიაში. მე მიმაჩნია, რომ თქვენმა პოზიციამ და გადაწყვეტილებებმა ბოლო მოუღო მიხეილ სააკაშვილს და თქვენნაირი კანდიდატურების მხარდაჭერა ბოლოს მოუღებს ქართულ ოცნებას", - უთხრა ფოფხაძემ გაბინაშვილს

მანამდე მოსამართლეობის კანდიდატმა უარი თქვა, ეპასუხა დეპუტატის კითხვებზე წინა ხელისუფლების მმართველობის შეფასების შესახებ. ასევე, გაბინაშვილმა არ უპასუხა ფოფხაძის კითხვებს იმის შესახებ, თუ რა რეჟიმი იყო გერმანიასა და საბჭოთა კავშირში. მოსამართლემ ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვები 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის და 2019 წლის 20 ივნისის აქციების დაშლის შესახებ. 

გაბინაშვილმა ფოფხაძეს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი კითხვები "ამ კონტექსტში". 

მერაბ გაბინაშვილი ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

კომენტარები