ისრაელი

ნეთანიაჰუ და განცი ერთობლივი მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ / ბენი განცი

ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მთავარი ოპონენტი ბენი განცი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთობლივი მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელის პირობებშიც ისინი პრემიერმინისტრის პოსტს მონაცვლეობით დაიკავებენ. მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკოსების თქმით განიხილება საკითხი, თუ რომელი მათგანი დაიკავებს პირველი პრემიერმინისტრის პოსტს.

ამ დრომდე განცი გამორიცხავდა ნეთანიაჰუს პარტიასთან თანამშრომლობას და მიზეზად მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას ასახელებდა.

თუმცა გასულ კვირას ჩატარებულ განმეორებით არჩევნებზე ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო მხარდაჭერის მოპოვება.

პრეზიდენტი რუვენ რივლინმა მხარი ერთობლივი მთავრობის ჩამოყალიბებას დაუჭირა და ლიკუდისა და ლურჯი და თეთრი პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებისათვის მიიწვია.

მანამდე განცი ყოფილ თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა, რომელიც ასევე ერთობლივი მთავრობის შექმნის მომხრეა. შეხვედრის შემდეგ ლიბერმანმა თქვა, რომ ახლა მთავარი საკითხი ისაა, ვინ დაიკავებს პირველი პრემიერმინისტრის პოსტს.

მსგავსი როტაცია ისრაელის მთავრობაში წარსულშიც მომხდარა, როდესაც 1984-88 წლებში პოსტზე ერთმანეთს შიმონ პერესი და იცჰაკ შამირი ენაცვლებოდნენ.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. ლიკუდმა ქნესეთში 31 ადგილი მოიპოვა, განცის ლურჯი და თეთრის პარტიამ 33.

ამჟამად ნეთანიაჰუს ბლოკს პარლამენტში 55 ადგილი აქვს, ხოლო განცისას არაბული პარტიები მხარდაჭერით 54, თუმცა უმრავლესობისათვის 61 მხარდამჭერია საჭირო.

ლიბერმანი უარს ამბობს მხარი დაუჭიროს რომელიმე კოალიციას და მიზეზად ნეთანიაჰუს შემთხვევაში მის მოკავშირე რელიგიურ-ნაციონალისტურ პარტიებს ასახლებს, ხოლო განცის შემთხვევაში ისრაელის არაბული პარტიების მხარდაჭერას.

ნეთანიაჰუ და განცი გარკვეულ მნიშნველოვან საკითხებზე თანხმდებიან, როგორიცაა აშშ-სთან და ირანთან ურთიერთობა და პალესტინის კონფლიქტის საკითხი, თუმცა განცს მეტად ლიბერალური მთავრობა სურს, რომელშიც არ უნდა შევიდნენ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი რალიგიურ-ნაციონალისტური პარტიები.

გარდა ამისა ისრაელის გენერალური პროკურორი მომავალ თვეს ჩაატარებს წინასწარ მოსმენას ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდების შემცველ სამ საქმეზე. ნეთანიაჰუ ბრალს უარყოფს.

კომენტარები