პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

თალაკვაძე ბესელიას განცხადებაზე: უმრავლესობაში დაშანტაჟებულის არავის არაფერი ეტყობა

"დაშანტაჟებულის არავის არაფერი ეტყობა" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას, განცხადებას, რომ მათ შორის მმართველი გუნდის წევრებს დღემდე აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით. 

თალაკვაძის თქმით, მას ყოველდღიური შეხება აქვს ქართული ოცნების გუნდის წევრებთან და "დაშანტაჟებულის იქ არავის არაფერი ეტყობა". 

"თუ ვინმეს რამე კონკრეტული ინფორმაცია აქვს, რომელზეც შესაძლოა დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, ამისათვის არსებობენ შესაბამისი ინსტიტუტები და მათ უნდა იმოქმედონ,"- ამბობს თალაკვაძე. 

ეკა ბესელიამ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, 23 სექტემბერს "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პირადი კადრებით დაშანტაჟება დღემდე გრძელდება და მათ შორის უმრავლესობის წევრებსაც აშანტაჟებენ. 

 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო". 

23 ივლისს შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

კომენტარები