აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობამ 2 წლით ადრე გაკეთებული გზის თავიდან გაკეთებაზე 2 მილიონი დახარჯა

ბათუმელები

ფლანგვის დეტექტორი აუდიტის ანგარიშსა და ფაქტჩეკზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 1 938 795 ლარი დახარჯა იმ გზის რეკონსტრუქციაზე, რომლის გაკეთებაზეც 2 წლით ადრე 631 360 იყო გამოფილი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ალამბარი-ზენითის გზის მონაკვეთი 2016 წელს შეაკეთეს. პროექტი შეადგინა შპს გაზპროექტმა და შეასრულა შპს სამკუთხედმა. სამუშაოები 631 360 ლარი დაჯდა.

შპს სამკუთხედი ვალდებული იყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ წარედგინა აკირედიტირებული პირის გაცემული დასკვნა სამუშაოების სათანადოდ შესრულების შესახებ. კომპანიას მსგავსი დასკვნა არ წარუდგენია, მაგრამ თანხა მაინც მიიღო ბიუჯეტიდან.

2018 წელს კი გზის რეაბილიტაცია ხელახლა დაიწყო, რისი საფუძველიც გახდა გეოლოგიური დასკვნა ფერდსამაგრი სამუშოების განხორციელებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის აუცილებლობაზე. ოღონდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გეოლოგიურ დასკვნამდე ადრე იყო შედგენილი. დეპარტამენტმა ეს პროექტი 38 ათას ლარად იყიდა.

ხელახალ ჩატარებულ ტენდერში კვლავ სამკუთხედმა გაიმარჯვა - კომპანიამ, რომელსაც წინა სამუშაოების დასკვნა წარდგენილი კვლავ არ ჰქონია.

ამასთან, პირველი ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სამწლიანი გარანტია - ხარვეზები შემსრულებელს თავისი ხარჯებით უნდა აღმოეფხვრა. თუმცა ხელახალი რეაბილიტაცია უფრო ადრე, ორ წელიწადში დაიწყო.

ხელახალი სამუშაოებისას, შესრულდა ბევრი ისეთი რამ, რაც თავდაპირველი რეაბილიტაციისას უნდა გაკეთებულიყო. ხელახალი სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დასრულდა.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, სამუშაოები ჯეროვნად არ შესრულებულა - 1 938 795 ლარიდან, მხოლოდ 1 050 564 ლარის სამუშაოები შესრულდა. დანარჩენი 900 ათასი ლარით შესასრულებები სამუშაოები ან არასათანადოდ შესრულდა, ან საერთოდ არ იყო შესრულებული.

ფლანგვის დეტექტორში აღნიშნავენ იმასაც, რომ გზის ხელახალი რეაბილიტაციისთვის ხელშეკრულება მას შემდეგ დაიდო, რაც სოფელ ზენითიდან ბიძინა ივანიშვილის ამოთხრილი ხუთი ხე მის დენდროლოგიურ პარკში ვერ გადაიტანეს - გზის აღნიშნულ მონაკვეთი ვიწრო აღმოჩნდა.

 

კომენტარები