აფგან მუხთარლი

ჯანმრთელობის გაუარესების გამო აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანის ციხეში შიმშილობა შეწყვიტა

Leyla Mustafayeva

საქართველოდან გატაცებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ შიმშილობა შეწყვიტა. 

მისმა ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, ფეისბუქზე დაწერა, რომ ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. 

აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანის ციხეში შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის იძულებული გახდა, პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართა, ვინაიდან თავისი სიმართლის დასამტიცებლად სამართლებრივად ბრძოლის ბერკეტი აღარ დარჩა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტმა და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, ცოლთან ერთად საქართველოს 2015 წელს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მანამდე კი, ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი. მათ ორმოცზე დასასწრებად ჟურნალისტი ორი დღით გაათავისუფლეს, რა დროსაც მან რუსთავი 2-ს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და მათ უფლება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

კომენტარები