პრეზიდენტის შეწყალება

კილაძე: მარგველაშვილმაც შეიწყალა მკვლელები, ყველას სახელი და გვარი ხომ არ მეცოდინება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფიო კილაძემ, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" თქვა, რომ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მკვლელები შეიწყალა. 

"მიდგომა უნდა იყოს ერთი და იგივე. ამაში "ქართული ოცნება" არის ცალსახად ერთსულოვანი. "ქართული ოცნება" იგივეს ამბობდა და კითხვის ნიშნებს სვამდა სააკაშვილთან და მარგველაშვილთან მიმართებით. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მკვლელი ჰყავს შეწყალებული სააკაშვილს, რამდენიმე მკვლელი ჰყავს შეწყალებული მარგველაშვილსაც,"-თქვა სოფიო კილაძემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში". 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის ის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელიც მარგველაშვილმა შეიწყალა, კილაძემ უპასუხა, რომ არ არის ვალდებული, სახელები და გვარები იცოდეს. 

სოფიო კილაძემ თქვა, რომ დაასახელებდა იმ პირებს, ვინც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. ეთერში დაბრუნებულმა კილაძემ ის საქმეები დაასახელა, როდესაც ბრალდებულები უვადოდ იხდიდნენ სასჯელს, ევროკავშირის რეკომენდაციით კი უვადო პატიმრობა ვადიანად გადაუკეთდათ და კვლავ ციხეში არიან. ასევე, კილაძემ დაასახელა პირები, რომლებიც მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდნენ სასჯელს. მისი თქმით, მკვლელობის მცდელობა და მკვლელობა თითქმის ერთნაირად ისჯება.  

"სამართლებრივად არის იმგვარად, რომ მცდელობისთვის ისჯება ადამიანი, რომელმაც იმიტომ კი არ თქვა უარი მკვლელობაზე, რომ თვითონ დაიხია უკან,არამედ იმიტომ, რომ არ გამოუვიდა. ანუ, მკვლელობის მცდელობა, ფაქტობრივად, უტოლდება მკვლელობას,"-ასე ახსნა სოფიო კილაძემ საკუთარი პასუხი.   

ასევე, სოფიო კილაძემ დაასახელა იაგო ნებიერიძე და ვეფხია ბაქრაძე. ცნობისთვის, მათ მკვლელობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩაიდინეს.  

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების გამო აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. 

ზურაბიშვილს აკრიტიკებენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ განმარტებებია საჭირო. 

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდებოდა და მათივე წყაროს ინფორმაციით გაბუნია ამაში ფულს იღებდა. 

მას შემდეგ რაც, პარტიამ პროკურატურას წერილობით მიმართა, უწყებამ გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები