სექსუალური შევიწროვება

პლასიდო დომინგომ შევიწროვების ბრალდებების გამო მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი დატოვა

პლასიდო დომინგო
ABC News

ესპანელმა საოპერო შემსრულებელმა, პლასიდო დომინგომ, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი დატოვა. თეატრსა და ესპანელ ტენორს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი დომინგოს მიმართ სექსუალური შევიწროვების ბრალდებები გახდა. 

The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დომინგომ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ბრალდებებს არ აღიარებს, მისთვის ცნობილია მის მიმართ არსებული საზოგადოებრივი განწყობები და სწორედ ამიტომ არ სურს, რომ დისკომფორტი შეუქმნას თავის კოლეგა შემსრულებლებს, როგორც სცენაზე, ისე კულისებში.

"ჩემი დებიუტი 27 წლის ასაკში მეტროპოლიტენის ოპერაში შედგა და ამ თეატრში 51 დიდებული წლის განმავლობაში ვასრულებდი. მადლობას ვუხდი თეატრის მენეჯმენტს, რომ სულგრძელად დააკმაყოფილეს ჩემი მოთხოვნა წასვლასთან დაკავშირებით,"- უთხრა დომინგომ ჟურნალს. 

ამასთან, The New York Times-ისვე ცნობით, დომინგო სპექტაკლის "მაკბეტი" პრემიერაშიც აღარ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25 სექტემბერსაა დაგეგმილი. ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა, როდესაც დომინგო ნიუ-იორკის სცენაზე გამოჩნდებოდა მას შემდეგ, რაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. 

ლოს ანჯელესის ოპერის დირექტორი პლასიდო დომინგო 8 მომღერალმა ქალმა და ერთმა მოცეკვავე ქალმა Associated Press-თან საუბარში სექსუალურ შევიწროებაში ამ წლის აგვისტოში დაადანაშაულა.

ქალების თქმით, მომღერალი მათ გვიანი 1980-იანი წლებიდან ავიწროებდა. გამოცემასთან საუბრისას მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანო პატრიცია ვულფმა ისურვა საკუთარი სახელით საუბარი.

პლასიდო დომინგო ბრალდებებს უარყოფს, ლოს ანჯელესის ოპერის თქმით კი, ისინი ამ საქმეებს გამოიძიებენ.

"მტკივნეულია იმის გაგება, რომ ჩემი კარგი განწყობების მიუხედავად ვიღაცას იმედი გავუცრუე ან არაკომფორტულად ვაგრძნობინე თავი, არ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენი ხნის წინ იყო. ხალხმა, რომელიც მიცნობს და რომელსაც ჩემთან უმუშავია, იცის რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვინმეს ავნებს, შეურაცხყოფს ან შეარცხვენს", - თქვა პლასიდო დომინგომ.

პატრიცია ვულფის თქმით, პლასიდო დომინგო მას ფიზიკურად არ შეხებია, უბრალოდ ყოველ ღამე სცენიდან მიმავალს ეკითხებოდა "მიდის თუ არა სახლში". ერთერთი ქალის თქმით, პლასიდო დომინგომ მას კაბაში ხელი ძალით შეუყო, სამი ქალი კი ამბობს რომ ოპერის მომღერალმა მათ ძალით ტუჩებში აკოცნინა.

ქალების თქმით, მსგავსი ინციდენტები ყველგან ხდებოდა - გამოსაცვლელ ოთახში, სასტუმროს ოთახში და სხვადასხვა შეხვედრებზე.

"ის ყოველთვის გეხებოდა "სხვანაირად", ყოველთვის გკოცნიდა", - თქვა ერთ-ერთმა ქალმა.

პლასიდო დომინგოს 18 სექტემბერს ფილადელფიის ოპერაის სეზონის გახსნაზე უნდა ემღერა, თუმცა ოპერამ განცხადება გამოაქვეყნა და ხალხს შეატყობინა რომ ბრალდებების გამო პლასიდო დომინგოს კონცერტი გადაიდო. ასევე მოიქცა სან-ფრანციკოს ოპერაც, სადაც პლასიდო დომინგოს 6 ოქტომბერს უნდა ემღერა.

პლასიდო დომინგო 78 წლისაა და ის ოპერის ერთერთ ვარსკვლავადაა მიჩნეული. ესპანელი ტენორი ყველაზე ხშირად წარმოდგენებს ლონდონში ასრულებს. მომღერალი 1962 წლიდან მეორე ქორწინებაშია მარტა ორნელასთან.

კომენტარები