გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მოსამართლე: რუსეთში მძიმე მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ყველა დამნაშავეს მივცეთ თავშესაფარი

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, შოთა გეწაძე ამბობს, რომ დაღესტნელი მიკაილ კადიევი არ საჭიროებდა საქართველში თავშესაფარს და სწორედ ამიტომ უთხრა სააპელაციო სასამართლომ უარი მის მინიჭებაზე. 

მიკაილ კადიევი რუსეთში იყო ძებნილი და მის გადაცემასაც ეს სახელმწიფო ითხოვდა. 

გეწაძემ კადიევის საქმეზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა. 

სერგო რატიანი: თქვენთვის არის თუ არა ცნობილი ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტის განცხადება ჩეჩნეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

შოთა გეწაძე: დიახ, ვინაიდან მე მაქვს პროფესიული შეხება, ჩემთვის ცნობილია ეს საკითხი. 

სერგო რატიანი: და ის, რომ 2000 წლის შემდეგ 6-ჯერ იყო მონიტორინგი და საუბარია იმაზე, რომ იქ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. კერძოდ, "მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არის სულისშემძვრელი. ყველა მსხვერპლი ყვება, რომ პოლიციელების მხრიდან არის წამება, ასევე, ციხეში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც არაადამიანური მოპყრობა და წამებაა. 

შოთა გეწაძე: ეს შეფასებები რამდენიმე წლის წინანდელია. დღესაც გარკვეული პათოსი ნარჩუნდება,თუმცა, ისიც არის მითითებული, რომ ციხეებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესების გზაზე დგას. 

სერგო რატიანი: ეს 2019 წლის 11 მარტის განცხადებაა. 2017 წელსაც იმავეს წერდა. მაინტერესებს, ეუთოს მოხსენებას თუ იცნობთ მოსკოვის ქმედებებზე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადმიანის უფლებების სავარაუდო დარღვევებსა და დაუსჯელობაზე. ესეც 2018 წლისაა. 

შოთა გეწაძე: ზოგადად საკითხს ვიცნობ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, საიდანაც არაერთი მომართვაა თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა, განსაკუთრებით არაბული ქვეყნებიდან, ამიტომ შეკითხვას გააჩნია, რა გაინტერესებთ კონკრეტულად. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე შოთა გეწაძის მონაწილეობით, დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს, მიკაილ კადიევს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა.

მიკაილ კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ (რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა) კადიევი რუსეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემად გაწირა, რადგან რუსეთის ხელისუფლება მის ექსტრადიციას ითხოვდა, რაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურით იყო შეჩერებული. ადვოკატს მიაჩნდა, რომ რუსეთში კადიევის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

კადიევის საქმეზე სერგო რატიანის კითხვის პასუხად შოთა გეწაძემ თქვა, რომ "ნათლად გამოიკვეთა, რომ ეს ადამიანი არ საჭიროებდა თავშესაფარს საქართველოში". 

"თან გაითვალისწინეთ, ეს საქმე განხილულია კოლეგიური წესით, სამი მოსამართლეა შემადგენლობაში. ამ საკითხებზე ჩვენ ვსაუბრობთ სათათბირო ოთახში, ვაჯერებთ პოზიციებს, ან ვარწმუნებთ, ან გადავარწმუნებთ. ასე ხდება სათათბირო ოთახში. 

ჩემთვის ნაცნობია ეს საკითხები, მე ვკითხულობ ლექციებს თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით. ეს არ იყო ის... თუ ვინმეს თავშესაფარი აქვს მინიჭებული უცხოელებისთვის, ერთ-ერთი უპირველესი ვარ მე. თუ ეს კონკრეტული ადამიანი საჭიროებდა სტატუსს, ნამდვილად არ დავიხევდი უკან, მაგრამ საქმის მასალებმა არ მოგვცა ამის საშუალება". 

სერგო რატიანმა თქვა: "გასაგებია, თქვენ მიიჩნიეთ, რომ რუსეთში ამ ადამიანების ექსტრადირებას არ მოჰყვებოდა წამება. მნიშვნელოვანია, რომ წამება დადგენილია, ეს ადამიანი ნაწამებია. თქვენ უგულებელყავით სასამართლოს გადაწყვეტილება და არ შეასრულეთ ის". 

კადიევის საქმეზე გეწაძეს კითხვები გიორგი კანდელაკმაც დაუსვა. მოსამართლის თქმით, კადიევი ამბობდა, რომ ის პოლიტიკური აქტივისტი იყო და ამიტომ იდევნებოდა, თუმცა, საქმის მასალებით ეს არ დადასტურდა. 

გიორგი კანდელაკი: ანუ თქვენ მიხედვით დასკვნამდე, რომ მას რუსეთის ციხეებში არაადამიანური მოპყრობა არ დაემუქრებოდა, ამ ანგარიშების, არაერთი დოკუმენტის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ კადიევი შეყვანილია აშშ-ის და ევროკავშირის სანქციებში, თუნდაც უმცირესი აქტივიზმის გამო ასეთი ზღვარგადასული ძალადობისთვის

შოთა გეწაძე: შემადგენლობა მივედით დასკვნამდე, რომ ის ვერ ადასტურებდა კონვენციურ დევნას და მას თავშესაფარი საქართველში არ ეკუთვნოდა და ის უნდა დაბრუნებულიყო წარმოშობის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მძიმე ვითარებაა რუსეთის ციხეებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივმა სისხლის სამართლის დამნაშავემ მოგვმართოს საქართველოში და ჩვენ ყველას მივცეთ თავშესაფარი. 

სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც კონკრეტულ ადამიანებს წამება ემუქრებათ, მათი ექსტრადირება დაუშვებელია. 

საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, არგაძევების პრინციპი კი ამბობს, რომ "თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება". 

Amnesty International-ის, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მის შესახებ მომზადებული პორტფოლიო ნახეთ აქ.

შოთა გეწაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს. 

კომენტარები